სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა. სემეკის ცნობით, მათი უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.

ამასთან, კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამმა 85 756 ლარი შეადგინა.

საჯარო სხდომაზე განსახილველად საკითხები წარმოადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრში ნომერზე: 16 216, ისე სემეკის Facebook გვერდზეც.