კორონავირუსის გამო ავიაკომპანიებმა შესაძლოა, 100 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგონ

ავიაკომპანიებმა, კორონავირუსის გამო, წელს შესაძლოა, 113 მლრდ დოლარის შემოსავალი დაკარგონ. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ტრანპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.

IATA-ს პროგნოზით, ვირუსის მასშტაბიდან გამომდინარე დანაკარგი 63 მლრდ-დან 113 მლრდ-მდე იქნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, ზარალი ბევრად აღემატება 2 კვირის წინანდელ პროგნოზს, რადგან დაავადების გავრცელების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა.

საჰაერო ტრანპორტის საერთაშორისო ასოციაციის წინა ანალიზით, რომელიც 2020 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნდა, დანაკარგი დაახლოებით 29,3 მლრდ დოლარი იქნებოდა, რასაც მხოლოდ ჩინეთთან დაკავშირებული ბაზრების შეზღუდვა გამოიწვევდა.

გაფრთხილებამ იმის შესახებ, რომ კორონავირუსი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია დაფიქსირებული, შესაბამისად, ტურისტებს მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ, ავიაკომპანიები აიძულა, რომ ფრენების სიხშირე შეემცირებინათ, ან ზოგიერთი მიმართულებით საერთოდ გაეუქმებინათ.

IATA-ს მონაცემებით, გასულ წელს, გლობალური საავიაციო ინდუსტრიის შემოსავალმა 838 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ნინი ქეთელაური