დიდი ფონდის პატარა ინვესტიცია

”თანაინვესტირების ფონდი ვერ ახერხებს იმ ფუნქციების შესრულებას რა მიზნითაც შეიქმნა”

30 სექტემბერს საქართველოს თანაინვესტირების 6 მილიარდიან ფონდს მისი ოფიციალური დაარსებიდან ზუსტად 1 წელი შეუსრულდა. 2013 წლის 30 სექტემბერს, ფონდის ოფიციალურ პრეზენტაციაზე დაანონსდა, რომ იგი შედარებით მაღალი მოგების მარჟის, არანაკლებ 5 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე პროექტებს დააფინანსებდა. ამ ერთი წლის განმავლობაში ჯამში 3 პროექტი დაფინანსდა, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 158 მილიონი დოლარია, საიდანაც 128 მილიონი ფონდის მიერ, დანარჩენი 30 მილიონი დოლარი კი სხვა, კერძო ივესტორების მიერ ფინანსდება. პროექტების დასრულების შემდეგ ჯამში 200–ზე მეტი მუდმივმოქმედი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

”მტკვარჰესი” ახალციხეში

16 მაისს ოფიციალურად გაიხსნა თანაინვესტირების ფონდის პირველი პროექტი „მტკვარჰესი“, რომელიც ქალაქ ახალციხეში მდინარე მტკვარზე 53,3 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. მისი დასრულება 2017 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. პროექტის ბიუჯეტი 98 მილიონ დოლარს შეადგენს, რომელიც 100%-ით თანაინვესტირების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი დასრულების შემდეგ 100-ზე მეტი მუდმივმოქმედი სამუშაო ადგილის შექმნაა ნავარაუდევი.

თანაინვესტირების ფონდის დირექტორი ენერგო და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, ირაკლი მენაბდე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი გაზრდის საქართველოს, როგორც ელექტროენერგიის ექსპორტიორის პოტენციალს რეგიონში. ”მტკვარჰესი” კი თანაინვესტირების ფონდის განსაკუთრებული ყურადღების საგანი მისი თურქეთის საზღვართან, საქართველოდან ელექტროენერგიის ერთ-ერთ მთავარ იმპორტიორთან სიახლოვისა და ამ ადგილას ჰესის მშენებლობის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების გამო გახდა.

ახალციხეში ”მტკვარჰესის” მშენებლობა ჯერ კიდევ 2009 წლის ნოემბერში დაიწყო და თვიდან 70 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე, 28 მეგავატი სიმძლავრის ჰესის აშენება იგეგმებოდა, თუმცა სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე თვეში მშენებლობა შეჩერდა.

კრიპტოვალუტის საპროცესინგო ცენტრი გორში

2 ივნისს თანაინვესტირების ფონდი ოფიციალურად ჩერთო გორის კრიპტოვალუტის, ე.წ. “ბიტკოინების” საპროცესინგო ცენტრის მშენებლობაში. პროექტის ბიუჯეტი 20 მილიონი დოლარია, რომელშიც ფონდის ინვესტიცია 10 მილიონი დოლარით შემოიფარგლება, დანარჩენ 10 მილიონ დოლარს კი კომპანია BitFury გაიღებს, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიაა “ბიტკოინების” მოპოვებისა და შესაბამისი აღჭურვილობის წარმოების სფეროში. პროექტის დასრულების შემდეგ 20 მუდმივმოქმედი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ფონდის პრეზიდენტის, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული ცენტრი მსოფლიოში უმსხვილესი იქნება “ბიტკოინების” მოპოვების სფეროში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კრიპტოვალუტისადმი მსოფლიო მასშტაბით გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სასათბურე მეურნეობა გარდაბანში

19 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა თანაინვესტირების ფონდის მესამე პროექტი - 40 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე სასათბურე მეურნეობის პროექტი გარდაბანში, რომელიც 35 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება. წინასწარი გათვლებით, სასათბურე მეურნეობაში შეიქმნება 80 მუდმივმოქმედი სამუშაო ადგილი და ყოველწლიურად 15 000 ტონა პროდუქციის მოყვანა იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოს პამიდვრის იმპორტზე დამოკიდებულებას 30%-ით შეამცირებს. გარდა ამისა, სასათბურე მეურნეობიდან საგადასახადო შემოსავლების სახით ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 435 000 ლარის მობილიზებაა ნავარაუდევი. პროექტის სრული განხორციელება 2 წელში იგეგმება, თუმცა მისი პირველი ეტაპი 2015 წლის ივლისში დასრულდება და იგი წარმოდგენილი იქნება 12 ჰექტარი სასათბურე მეურნეობით რომელზეც წლიურად 4 000 ტონა პროდუქციის მოყვანა იქნება შესაძლებელი.

თანაინვესტირების ფონდის ინვესტიციის წილი ამ პროექტში 50%, ანუ 20 მილიონი დოლარია. 15% -ს აფინანსებს Richel group- ევროპის სასათბურე ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია, დარჩენილ 35%-ს კი კომპანია ICES -ინდუსტრიული კონსტრუქციების სპეციალისტი საქართველოში.

ფონდის პრეზიდენტის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, აღნიშნული სასათბურე მეურნეობა იქნება უდიდესი სამხრეთ კავკასიაში და იგი დადებითდ აისახება არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე, არამედ საქართველოს საგადასახდელო ბალანსზე მთლიანობაში და სხვა მრავალ ეკონომიკურ პარამეტრზეც.

თანაინვესტირების ფონდის საქმიანობის პირველ წელს არაერთგვაროვნად აფასებენ ექსპერტები. bpn–თან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ ფონდი ვერ ახერხებს იმ ფუნქციების შესრულებას რა მიზნითაც იგი შეიქმნა. „სამწუხაროდ თანაინვესტირების ფონდი, რომლის შექმნის მიზანიც დამწყები, ნულოვანი პროექტების დაფინანსება იყო, თავის ფუნქციებს რეალურად ვერ ასრულებს. მისი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი კაპიტალდაბანდება - „მტკვარჰესი“, რამდენიმე წლის წინ დაწყებული და შემდეგ შეჩერებული პროექტია. შესაბამისად, ფონდს იგი ნულიდან არ დაუწყია და მხოლოდ მშენებლობა გააგრძელა,“–აცახდებს ჯგერენაია.

ფონდის საქმიანობას დადებითად აფასებს ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე, თუმცა გარკვეულ პრობლემებზე ისიც საუბრობს: „თანაინვესტირების ფონდი კერძო ფონდია, რომელიც მომგებიანი მსხვილმაშტაბიანი პროექტების დაფინანსების მიზნით შეიქმნა და ამ თვალსაზრისით იგი საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს. მსგავსი კერძო ფონდების რაოდენობის ზრდა ეკონომიკაზე მხოლოდ დადებითად აისახება, რადგან მისი არსებობა პერსპექტიული პროექტების დაფინანსებას ამარტივებს და მსხვილი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.

ამ ფონდის შექმნიდან დღემდე რამდენიმე ბიზნესპროექტი წარმატებით დაფინანსდა სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მიმართულებით, თუმცა რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ფონდის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მასში დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტების დეფიციტია. შესაბამისად, კარგი იქნება თუ თანაინვესტირების ფონდი ახალი პროექტების მოძიების მიმართულებით უფრო მეტად გააქტიურდება,“–განაცხადა ლექვინაძემ

ფონდის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თინათინ ოდილავაძე bpn-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალ პროექტებზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და მათი განხორციელება მხოლოდ დროის საკითხია. „ფონდი ინტენსიურად მუშაობს ახალი ბიზნესპროექტების განხორციელების მიმართულებით, თუმცა ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. საჭიროა მათი დეტალური შესწავლა ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე პროექტის თანამონაწილე ინვესტორების მოძიება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ. მათ შესახებ საზოგადოებისთვის ახლო მამავალში გახდება ცნობილი, “ -განაცხადა ოდილავაძემ.

ამ ეტაპზე ცნობილია ფონდის მიერ დაგეგმილი კიდევ სამი პროექტი: „პანორამა თბილისი“, მდინარე ცხენისწყალზე ჰესების კასკადი და მერძევეობის ფერმა. ფონდში არ საუბრობენ ამ პროექტების გარდა განიხილება თუ არა სხვა ბიზნესპროექტები და რეალურად მართლაც არსებობს, თუ არა პრობლემა პროექტების დეფიციტის სახით.

ლაშა კელიხაშვილი