ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ტურისტული ოფისის ორი ხელმძღვანელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

ამის შესახებ უწყებიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, რომლებსაც თბილისში გააჩნდათ ტურისტული ოფისი, დაინტერესებული პირებისთვის ამზადებდნენ და ასაღებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტს. ბრალდებულებმა, მათ მიერ დამზადებული, ყალბი საბანკო ამონაწერი, სახელფასო ცნობა, დიპლომი, დაბადებისა და ქორწინების მოწმობები, 800 აშშ დოლარად გაასაღეს.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 100-ზე მეტი ორგანიზაციის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საბანკო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, ნოტარიუსების ბეჭდები და შტამპები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.