„ქვეყანაში შეიძლება, გაიზარდოს ინფიცირებულთა რიცხვი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში კვლევები"

ჩვენ უნდა ველოდოთ რომ ქვეყანაში შეიძლება გაიზარდოს ინფიცირებულთა რიცხვი, ამ დროისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს ლუგარში კვლევები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემია არ გამოუცხადებია, თუმცა გამოაცხადა პანდემიური მზადყოფნა.

„პანდემია სხვა რამეა, ეპიდემია სხვა რამეა. პანდემია გახლავთ ის, როდესაც შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით იზრდება მთელს მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე. ჯერჯერობით, პანდემია არ გამოუცხადებია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, მაგრამ გამოაცხადა პანდემიური მზადყოფნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს პანდემიისთვის და შესაბამისად, უნდა გააძლიეროს თავისი პრევენციული სამკურნალო და სხვადასხვა რესურსები. შესაბამისად, საქართველოც მოქმედებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით და ჩვენ მაქსიმალურად ქვეყანაში ვაძლიერებთ როგორც პრევენციულ, ისე სამკურნალო ღონისძიებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.