რომელ პროდუქტებში აღმოჩნდა საღებავი, რომელიც სიმსივნის წარმოქმნას უწყობს ხელს

“სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) სასურსათო პროდუქტის სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შემოწმების შედეგებს აქვეყნებს.

ცენტრის ცნობით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს 36 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გააგზავნეს გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად. შემოწმების შედეგად კი, 3 ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.

შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი.

„სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.

ანალოგიური კვლევა 2019 წლის ზაფხულშიც ჩავატარეთ, რის შედეგადაც არასაკვები საღებავები 42 ნიმუშიდან 6-ში აღმოჩნდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა. სურსათის დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. ამავე დროს, საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება. ბრძანება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში .

ჩვენი მორიგი კვლევის შედეგად, ირკვევა, რომ გატარებული ღონისძიებები ჯერჯერობით არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ამ მცირე მასშტაბის კვლევის შედეგად, 3 ნიმუშში სუდან 1-ის აღმოჩენა საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად, რასაც ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალს,“-ნათქვამია momxmarebeli.ge-ს ინფორმაციაში.

რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტებს, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ სასურსათო პროდუქტებს, რომლებშიც შემოწმების შედეგად, დარღვევა ანუ სუდან 1 გამოვლინდა . ეს პროდუქტებია: "ხათოს აფხაზური აჯიკა"; აჯიკა Waime (ვაიმე) და ტომატის საწებელი ცხარე "სუპრემო".

შემოწმების შედეგები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

თაია არდოტელი