დიდი სარეკლამო ცვლილება ტელევიზიებში

”პრაიმ ტაიმში” რეკლამა შეიძლება ორჯერაც კი გაძვირდეს

სატელევიზიო და რადიო რეკლამაზე რეგულაციები მკაცრდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და არსებული ნორმების შესაბამისად, მაუწყებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის, ”პრაიმ ტაიმში”, სარეკლამო ჭრისთვის მხოლოდ 12 წუთი ექნება გამოყოფილი. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ ტელევიზიების და რადიოს შემოსავალი შეამციროს, რეკლამამ კი სხვა მედიასაშუალებებში გადაინაცვლოს.

სპეციალისტების პროგნოზით, პირველ ეტაპზე რეკლამის მნიშვნელოვანი ნაწილი არარეიტინგულ და რეგიონული ტელევიზიებისკენ, შემდგომ კი ონლაინ-გამოცემებში, ბეჭდვურ მედიასა და გარე რეკლამებზე წარიმართება. ამ რეგულაციების წყალობით კი, როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია აცხადებს, სარეკლამო დამკვეთებს მოუწევთ გადახედონ საკუთარ კამპანიას რეკლამის განთავსების ხაზით და, შესაძლოა, მათ ბევრი საინტერესო ალტერნატიული წყაროც იპოვონ.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, სატელევიზიო რეკლამების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილება მზადდება. მაუწყებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის, ე.წ. ”პრაიმ ტაიმში”, სარეკლამო ჭრისთვის მხოლოდ 12 წუთი ექნება. ამ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობით, მაუწყებლებს სარეკლამო დროისთვის მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20% აქვთ გამოყოფილი (4 საათი და 48 წუთი 24-საათიან ბადეში) და შეუძლიათ საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ სარეკლამო დრო.

არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, მაუწყებლები ხშირად საკუთარი სურვილისამებრ იყენებენ სარეკლამო დროს და რეკლამები ”პრაიმ ტაიმში” დიდი დოზით ხვდება. ეს ერთდროულად დამკვეთების მოთხოვნაცაა და ტელევიზიების სურვილიც. ყველაზე ყურებად გადაცემებში რეკლამა ძვირი ღირს, შესაბამისად, მაუწყებლები მეტ შემოსავალს იღებენ და გადაცემებს რეკლამებით ”ბერავენ”. მაყურებლებისთვის კი ეს დიდი დისკომფორტია, რადგან ხშირად გადაცემის ხანგრძლივობას რეკლამის საერთო დრო აღემატება კიდეც.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურის უფროსი, ხატია ყურაშვილი აცხადებს, კანონმდებლობაში ცვლილებებზე მუშაობის დაწყება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს უკავშირდება. ”საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აიღო ვალდებულება, რომ თავის საკანონმდებლო ბაზას ჰარმონიზაციაში მოიყვანდა ევროპის ერთიან სივრცესთან. შესაბამისად, საქართველომ აუდიოვიზუალური დირექტივის შესრულების ვალდებულებაც აიღო”,- აღნიშნა ხატია ყურაშვილმა.

ახალი რეგულაციით, 20%-იანი შეზღუდვა ძალაში რჩება, თუმცა ის არა 24-საათიან ბადეს, არამედ ყოველ საათს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის, ”პრაიმ ტაიმში” სარეკლამო ჭრისთვის მხოლოდ 12 წუთი ექნება. გამოდის, რომ ტელევიზიებს საერთო სარეკლამო დრო იგივე დარჩებათ, მაგრამ გადანაწილება მოუწევთ. საღამოხანს კი ტელევიზორთან მიმჯდარი მაყურებელი დაუსრულებელი რეკლამებით აღარ დაიტანჯება.

სპეციალისტთა აზრით, ამის შემდეგ, სავარაუდოდ, საეთერო ”პრაიმ-ტაიმში” რეკლამა საგრძნობლად გაძვირდება, რადგან იქ მოხვედრის სურვილი ბევრ დამკვეთს ექნება, მაგრამ ახალი რეგულაცია ამის შესაძლებლობას ცოტას თუ მისცემს. მაუწყებლები, კი ფინანსურად რომ არ იზარალონ, სარეკლამო ტარიფებს აუცილებლად გადახედავენ. შესაბამისად კი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ”პრაიმ ტაიმში” რეკლამის განთავსებას, ძირითადად, მსხვილი რეკლამის დამკვეთები შეძლებენ.

ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, ევროპის სივრცეში მოქმედი აღნიშნული დირექტივა საქართველოში 5 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. როგორც ხატია ყურაშვილმა bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, სამუშაო პროცესი საწყის ეტაპზეა და ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ამ პროექტის საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენა.

მართალია, კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის ვადა ჯერჯრეობით უცნობია, თუმცა როგორც სპელიალისტები ამბობენ, მაუწყებლებმა სარეკლამო ბადის ახალ ნორმასთან შესაბამისობაში მოყვანა, უფრო ზუსტად კი, მომზადება უკვე უნდა დაიწყონ. რაც შეეხება თავად ინიციატივას, ექსპერტები მას დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ამით, ერთი მხრივ, გაფართოვდება რეკლამის განთავსების არეალი და მეორე მხრივ კი, შემცირებული დროის გამო, სარეკლამო ჭრის პერიოდში გაშვებული რეკლამის აღქმის საშუალება უფრო თვალსაჩინო გახდება.

საკონსულტაციო კომპანია ”ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე ვარაუდობს, რომ ახალი წესის შედეგად, რა თქმა უნდა, ”პრაიმ ტაიმის” დროს რეკლამის გაშვების საფასური მოიმატებს, რადგან მიწოდება იქნება ნაკლები, მოთხოვნა კი ამ დროს ყოველთვის მაღალია.

”შესაბამისად, რაკი დრო ნაკლები იქნება შეიძლება ”პრაიმ-ტაიმის” ფასი 2-ჯერაც კი გაიზარდოს. არც ისაა გამორიცხული, რომ მაუწყებლებმა დროის სხვა მონაკვეთში ფასდაკლების სისტემა აამოქმედონ და ამით შემოსავალი არ შეიმცირონ. გაიზრდება რეკლამის ფასი ”პრაიმ ტაიმში”, მაგრამ სხვა პერიოდში ამოქმედებული ფასდაკლება კი რეკლამის საერთო ღირებულებას ნაკლებად გაზრდის”, - ამბობს მაღრაძე.

მისივე პროგნოზით, რეკლამის მთავარი მიმწოდებლები იძულებულები იქნებიან, რომ პირველ რიგში, რეკლამა ნაკლებად რეიტინგული და რეგიონალური ტელევიზიებისკენ გადაისროლონ იმიტომ, რომ საქართველოში ტელევიზია მაინც წამყვან სარეკლამო საშუალებად რჩება.

”ასევე გააქტიურდება ინტერნეტ რეკლამისა და გარე რეკლამის ზოლიც. ჩემი აზრით, ინტერნეტსა და გარე რეკლამაში უფრო მეტი როლი მიენიჭება არასტანდარტული ტიპის სარეკლამო საშუალებების გამოყენებას. აქაც ბილბორდების ფასი გაიზრდება, მაგრამ ყველა ამ სერვისით არ ისარგებლებს, უფრო კრეატიულ და განსხვავებულ საშუალებებს გამოიყენებენ, რათა ქუჩაში უფრო მეტად მიიქციონ მომხმარებლების ყურადღება. რაც შეეხება რეკლამის ბეჭდურ მედიაში გადასროლას, ამას ნაკლებად ვვარაუდობ, რადგან ამ ეტაპზე თავად ბეჭდურ მედიაში მიმდინარეობს გარკვეული ტიპის გადაადგილება.

ასე რომ, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მოვლენები სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება განვითარდეს, თუმცა ზუსტი პროგნოზირება, რა მოხდება, შეუძლებელია და ძალიან რთულია. ამას ძალიან ბევრი მონაცემის დეტალურად შესწავლა სჭირდება”, - განუცხადა ”ბიზნეს-რეზონანსს” კახა მაღრაძემ.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია სატელევიზიო და რადიო რეკლამაზე რეგულაციების გამკაცრებას სამომხმარებლო თვალსაზრისით დადებითად აფასებს. ასეთ შემთხვევაში სარეკლამო დროის მართვა და გარკვეულ სტანდარტში მოქცევა მომხმარებლის ინტერესზე იქნება აგებული.

”რაც შეეხება მწარმოებლებისა და მედია საშუალებების მფლობელების ინტერესს, ჩემი აზრით, ახალი ნორმა მათთვისაც მისაღები უნდა იყოს, რადგან ეს თავისთავად გულისხმობს სტანდარტში ჩასმას და არა ამ სარეკლამო დროის ქაოსურად გამოყენებას.

შეიძლება სარეკლამო ფასმაც მოიმატოს. სარეკლამო დამკვეთებმა კი იმის გამო, რომ ”პრაიმ ტაიმში” ფასი მაღალი იქნება, რეკლამის განთავსების სხვა ალტერნატიული საშუალებები ეძებონ, მათ შორის, სხვა ტელევიზიებში, ინტერნეტ მედიაში, ქუჩაში თუ პრესაში. ახალი ნორმები ნიშნავს იმას, რომ აქამდე არსებული ჩაჟანგებული სიტუაცია, ხელახლა გადაიხედოს და გაჩნდეს რეკლამის განთავსების ახალი საშუალებები.

ტრაგედია არც ტარიფის გაზრდა იქნება, სამაგიეროდ, რეკლამის დამკვეთებს ეცოდინებათ, რომ დროის ის ლიმიტი განკუთვნილია მისი რეკლამისთვის. იმ მცირე დროში, რომელიც სარეკლამო ჭრისთვის არის განკუთვნილი, თითოეული რეკლამა უფრო დასამახსოვრებელი და აღსაქმელი გახდება მომხმარებლისთვის. შეიძლება ამის გამო ერთი წუთის ფასი გაიზარდოს, მაგრამ საერთო ხარჯი შემცირდეს, რადგან სარეკლამო დამკვეთს ერთსა და იმავე ჭრაში ბევრჯერ აღარ დასჭირდება რეკლამის გაშვება. დღეს ზოგიერთი დამკვეთი ერთი სარეკლამო ჭრის დროს რეკლამას ორჯერ უშვებს”, - აცხადებს გამზარდია.

მისივე პროგნოზით, გამორიცხული არ არის, რომ რეკლამის ნაწილმა სხვა ტელევზიებში, პრესაში, ინტერნეტ-მედიაში და გარეთ, ქუჩაში გადაინაცვლოს, რაც ნამდვილად დადებითად შეიძლება შეფასდეს.

”ამ რეგულაციების წყალობით სარეკლამო დამკვეთებს მოუწევთ კიდევ კარგად გადახედონ საკუთარ კამპანიას თუ როგორ აწარმოებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, კონკრეტულად რეკლამის განთავსების ხაზით და, შესაძლოა, მათ ბევრი საინეტერესო ალტერნატიული წყაროც იპოვონ”,- დასძინა გამზარდიამ ”ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”