„რისკები ვრცელდება მთელ ევროპაში და ამიტომ რომელიმე ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება"

დღეს რისკები ვრცელდება მთელ ევროპაში, ამრიგად, რომელიმე ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, იტალიასთან ფრენების შეჩერებაზე სახელმწიფოს პოზიციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო გააგრძელებს მოქალაქეების შემოსვლის ადგილზე თერმულ სკრინინგს, შემდეგ თვითიზოლაციის შესახებ რეკომენდაციებს და მიმდინარე მეთვალყურეობას.

"საქართველო სრულად მიყვება ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. ვირუსი ვრცელდება ევროპაში, ყველა ქვეყანაში. ამდენად, ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ იძლევა. ჩვენ გავაგრძელებთ შემოსვლის ადგილზე თერმულ სკრინინგს, შემდეგ თვითიზოლაციის შესახებ რეკომენდაციებს, მიმდინარე მეთვალყურეობას. არის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომელიც რჩება კარანტინში. ეს არიან ის მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. სხვა სამოგზაურო შეზღუდვებზე ჯერჯერობით საუბარი არ გვაქვს", - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას ჩინეთთან და ირანთან ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით, გაბუნიას თქმით, შეზღუდვა დაწესდა იმ მოტივებიდან გამომდინარე, რომ იმ კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე მაღალი რისკი მოდიოდა ჩინეთიდან და ირანიდან.

"დღეს უკვე რისკები ვრცელდება მთელ ევროპაში, ამრიგად, ასე იზოლირებულად რომელიმე ქვეყნიდან ტრეფიკის ან მოგზაურობის შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება. ეს შეზღუდვა ამ ქვეყნებიდან ჯერჯერობით კვლავაც რჩება, რადგან რისკი მაღალი მომდინარეობს ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან და იტალიიდან. ინფიცირების შემთხვევები ევროპის რეგიონში იზრდება და ვრცელდება. საფრანგეთშიც ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევები იზრდება გერმანიაში. კონკრეტულად ფორმულაში ჩასმა, რამელზე შეიძლება შეზღუდვის დაწესება, ძნელია. შეფასდება რისკი ევროპის რეგიონისთვის და ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციას და იტალიის თაობაზე გადაწყვეტილებას", - განაცხადა გაბუნიამ.