ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოფილი გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შალვა თადუმაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგის გასაჯაროებას ითხოვს.
საია-ს ცნობით, საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა. გასული წლის 11 იანვარს კომისიის მიერ შეირჩა 302 დეკლარანტი, მათ შორის შალვა თადუმაძე. კანონმდებლობის მიხედვით მონიტორინგის შედეგები ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ბიუროს მიერ ქვეყნდება. 31 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი, რომელშიც შალვა თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგი არ იყო ასახული.
„ამის შემდეგ, საია-მ საჯარო სამსახურის ბიუროსგან მოითხოვა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადაც მოცემული იქნებოდა შალვა თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგების საბოლოო ანგარიშში შეუტანლობის მიზეზები. საჯარო სამსახურის ბიურომ ყოველგვარი განმარტების გარეშე უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე. ერთადერთი შემთხვევა, როცა ბიუროს მონაცემების გაუცემლობის საფუძველი შესაძლოა ჰქონოდა, შალვა თადუმაძის მიერ დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანაა, რა დროსაც ბიურო ვალდებულია საქმე სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. მნიშვნელოვანია, რომ საია-მ იდენტური ინფორმაცია გამოითხოვა სხვა რამდენიმე თანამდებობის პირზეც, რომლებიც ანალოგიურად არ მოხვდნენ ანგარიშში. ამ შემთხვევებში ბიურომ ინფორმაცია სრულყოფილად გასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საია მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს, გაასაჯაროოს შალვა თადუმაძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგი და განმარტოს მისი გასაიდუმლოების სამართლებრივი საფუძველი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს შალვა თადუმაძე.
2019 წლის 27 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გენერალურ პროკურორად მუშაობისას მისმა შემოსავალმა 2018 წლის 16 ივლისიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჯამში - 29 281 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში თადუმაძე 2018 წლის 16 ივლისიდან 16 დეკემბრამდე ჯერ მთავარ პროკურორად, ხოლო 16 დეკემბრიდან გენერალურ პროკურორად იწოდება. ამასთან, 2018 წლის 13 აპრილიდან 10 ივლისამდე პერიოდში თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, რა დროსაც მისმა შემოსავალმა 31 500; ხოლო 1-ლი იანვრიდან 12 აპრილამდე მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე - 28 000 ლარი შეადგინა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თადუმაძე ფლობს 93 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2016 წელს 55 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: 70 კვ. მეტრის ოფისი დედაქალაქში; 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში და 1100 კვ. მეტრის აგარაკი ნატახტარში.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 8 370 ლარი, საკრედიტოზე კი - 15 000 ლარი ჰქონდა. მანვე 2018 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის სახით, 17 800 ლარი გადაიხადა.
თადუმაძეს ჰყავს მეუღლე და 1 შვილი. მისი მეუღლე ფლობს 113 კვადრატული მეტრი ფართობის კომერციულ ფართს თბილისში, რომელიც 2018 წელს 90 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: 120 კვ. მეტრის ბინა დედაქალაქში. მასვე საბანკო ანგარიშებზე - 11 600 დოლარი და 3 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, თადუმაძის მეუღლე კ/ს „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგის“, შპს „მარმარე საქართველოს“ და კს „მზევინარ ანსიანის ლოია კლაბის“ 100%-100%-იან წილებსა და შპს „ევრო აგროს“ 33%-იან წილს ფლობს. მის შვილს კი საბანკო ანგარიშზე - 7 727 დოლარი ჰქონდა.