ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა 4 მარტის მდგომარეობით 110,48 მილიარდი იუანი (16 მილიარდი დოლარი) გამოყვეს კორონავირუს COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ სიუ ხუნცაიმ პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როიტერსის“ ინფორმაციით, აღნიშული თანხიდან უკვე დახარჯულია 71,43 მილიარდი იუანი, ჯერ გამოუყენებელია 39,05 მილიარდი.
მინისტრის მოადგილის თქმით, ჩინეთი უზრუნველყოფს უწყვეტ მუშაობას ადგილობრივი ორგანოების ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, ხოლო ფინანსთა სამინისტრო დააკმაყოფილებს პროვინცია ჰუბეის (ეპიდემიის ეპიცნეტრის) ყველა ფინანსურ მოთხოვნას.
სუიმ აღნიშნა, რომ COVID-19 დროებით გავლენას იქონიებს ქვეყნის შემოსავლებზე, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტზე ზეწოლა შემცირდება ეკონომიკის გამოჯანსაღების შედეგად.
მისივე თქმით, პეკინი მიიღებს მიზანმიმართულ და ეტაპობრივ ზომებს სექტორების დახმარებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ვირუსის გამო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.