საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე, ერთი პირი თეა ჩიქვინიძე დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დაკისრებულ, 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას საქალაქო სასამართლოს გააუქმებინებდა. თეა ჩიქვინიძემ თითქოს და მოსამართლის თანაშემწისთვის გადასაცემად, მოქალაქეს 700 აშშ დოლარი გამოართვა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.