ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC), ბაზარზე ნავთობის დღიურ მიწოდებას 1.5 მილიონი ბარელით შეკვეცავს. ასე დაბალანსდება ბაზარზე ნედლეულის სიჭარბე, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამოა შექმნილი. მაგრამ ამასთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიცია ჯერჯერობით გაურკვეველია.
ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მინისტრებმა საგანგებო კონფერენცია ვენაში გამართეს. მაგრამ კონფერენციას რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი არ დაესწრო. მან ქალაქი ისე დატოვა, რომ ორგანიზაციის შეთანხმებაზე თანხმობა არ განუცხადებია.
მიწოდების შეკვეცა საუდის არაბეთის მიერ არის ინცირებული, რომელიც ცდილობს, რომ ნავთობის ფასის ვარდნას შეუშალოს ხელი. მაგრამ რუსეთს არ სურს შეკვეცა და მიმდინარე რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას აპირებს. თუმცა კონფერენციის დელეგატთა ნაწილი, რომლებიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ, ამბობს, რომ რუსეთი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შეუერთდება.
ორგანიზაციის მორიგი სხდომა პარასკევს უნდა გაიმართოს და მას OPEC-ის არაწევრი ქვეყნების მინისტრებიც დაესწრებიან. თუ რუსეთი ორგანიზაციის შეთანხმებას არ შეუერთდება, შესაძლოა OPEC-მა მიწოდების შეკვეცისგან თავი შეიკავოს.
წლის დასაწყისიდან, ნავთობი 20 პროცენტზე მეტით არის გაიაფებული. ამის ძირითადი მიზეზი კორონავირუსია, რამაც ნავთობზე მოთხოვნის კლება გამოიწვია. ეს კი ბაზარზე ენერგომატარებლის სიჭარბეს და გაიაფებას იწვევს. შედეგად, ნავთობის ფასი, გლობალური კრიზისის შემდეგ, ყველაზე მკვეთრად ბოლო კვირის განმავლობაში დაეცა.
აღსანიშნავია, რომ OPEC-ის მიერ მიწოდების შეკვეცით ყველაზე მეტად რუსეთი ხეირობს ხოლმე. ამის მიზეზი ისაა, რომ შეკვეცის დიდი წილი საუდის არაბეთზე მოდის. არადა, რუსეთი უფრო მეტ ნავთობს მოიპოვებს. მაგალითად, ბლუმბერგის მონაცემებით, ბოლო შეკვეცის 65 პროცენტს საუდის არაბეთი აკმაყოფილებს, რუსეთი კი მხოლოდ 11 პროცენტს „იმეტებს“. შესაბამისად, ფასის სტაბილურობაც კრემლს უფრო ახეირებს. ამიტომ, რუსეთს შეკვეცა აწყობს, მაგრამ ამ აქტში დაბალი წილით შესვლა სურს, რათა მეტი მოგება მიიღოს. ასევე საინტერესოა, რომ რუსეთის ბიუჯეტი დაბალანსებული იმ შემთხვევაშიც დარჩება, თუ ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარი იქნება.