„თუ მთავრობა ჩათვლის, რომ ფრენების შეზღუდვა საჭიროა, პარლამენტი მხარს დაუჭერს ასეთ გადაწყვეტილებას"

ფრენების შეზღუდვებს აქვს საფუძველი და აზრი იმ შემთხვევაში, თუ გავრცელების მაჩვენებლებში ორ ქვეყანას ან რეგიონებს შორის არსებობს კონტრასტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან იტალიასთან ფრენების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ მთავრობა ფრენების შეზღუდვის გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამის არგუმენტებს წარმოადგენს, პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მიიღოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამსახურებზე, ვინც უშუალოდ ყოველდღიურად ფლობს და ამუშავებს მონაცემებს საფრთხეების შესახებ, ასევე იმ საერთაშორისო კონტექსტის და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოსცემს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ფრენების შეზღუდვებს აქვს საფუძველი და აზრი იმ შემთხვევაში, თუ გავრცელების მაჩვენებლებში ორ ქვეყანას ან რეგიონებს შორის არსებობს კონტრასტი. თქვენ ნახეთ, აშშ- ის მთავრობის განცხადებები ფრენებთან დაკავშირებით, მათ დააწესეს ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებული რეჟიმი, სადაც სკრინინგი ხდება უფრო ინტენსიურად და უფრო ჩაღრმავებულად.

საქართველოს აქვს ეს ინსტრუმენტები და ეს რეკომენდაციები, შეუძლია ასეთი რეჟიმები გამოიყენოს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, შეზღუდვას აქვს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნებს შორის გავრცელების მაჩვენებლებში არსებობს კონტრასტი და ასევე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც ყოველდღიურად არის ჯანდაცვის სამსახურებში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არის მთავრობის მისაღები. შესაბამისას, თუ მთავრობა ჩათვლის, რომ ფრენების შეზღუდვა საჭიროა და არგუმენტები იქნება წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, პარლამენტი მხარს დაუჭერს ასეთ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს საკონსულოებში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდება
კორონავირუსის გამო გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა, შესაძლოა, 347 მილიარდ დოლარს მიაღწიოს
საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული