2020 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები კი 0.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257,547 შეადგინა, რაც 9,842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა 4%).
„2020 წლის მეორე თვეში 466,409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 386,859 შეადგინა, კლება 0.6%-ია.
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
2020 წლის თებერვლის დეტალური სტატისტიკური მონაცემები ასეთია:
ევროკავშირის ქვეყნები:
ესტონეთი +161.5%, პოლონეთი +84.8%, იტალია +81.2%, საფრანგეთი +52.4%, გერმანია +38% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.5%, ბელარუსი +52.3% ისრაელი +39.5%, აშშ +29.1%, საუდის არაბეთი +17.7% და სხვა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში აქტიური მარკეტინგული კამპანიები განახორციელა შემდეგ მაღალგადახდისუნარიან ტურისტულ ბაზრებზე: აშშ, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისრაელი, დასავლეთ ევროპა, სკანდინავიის სახელმწიფოები, პოლონეთი და ა.შ.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი:
აზერბაიჯანი (+12.8%), თურქეთი (+3.8%), სომხეთი (-18.2%) რუსეთი (-25%)
თებერვალში ჩინეთიდან 951 ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -59.5 %.
იანვარი-თებერვლის პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში 4002 ვიზიტი შედგა, კლება -2.2%-ს შეადგენს.
2020 წლის იანვარი-თებერვალი:
2020 წლის ორ თვეში საქართველოში 1,099,610 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.2%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 910,548 შეადგინა, ზრდა +10.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 621,161 შეადგინა, რაც 67,517-ით მეტია 2019 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +12.2%).
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვრის თვის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 193 მილიონ დოლარს (ზრდა +17.6%), რაც 29 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება ახალ კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ ზეგავლენას, ვირუსმა გავლენა უკვე იქონია ეკონომიკასა და ტურიზმის დარგზე მთელ მსოფლიოში. ახალი კორონა ვირუსის შედეგად განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა თებერვლის ბოლოდან, რაც ნეგატიურად აისახება საერთაშორისო ტურისტულ და საავიაციო ბაზრებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო საერთაშორისო ავიაციის დანაკლისმა ორ თვეში უკვე შეადგინა 4,9 %. წლიურმა დანაკლისმა კი შესაძლოა 13 %-ს მიაღწიოს, რაც ჯამში საავიაციო სექტორისთვის 28 მილიარდამდე დოლარის შემოსავლის შემცირებას გულისხმობს.
საერთაშორისო ობიექტური ტენდენციებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მარტის თვე მაღალი გამოწვევებით სავსე იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში.
როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად ვირუსს ახასიათებს სეზონურობა, ამიტომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შესაბამის დროს მაქსიმალური აქტივობებით და რესურსების სრული მობილიზებით მარკეტინგულ კამპანიების ინტენსივობას გაზრდის სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოს მთავრობამ მთელი რიგი ეფექტური ღონისძიებები განახორციელა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, როგორიცაა: სხვადასხვა სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებში, აეროპორტებში, საბაჟო-ტერმინალებსა და ა.შ. მკაცრად მოწმდება ქვეყანაში შემოსული როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქე. მიმდინარეობს მასობრივი სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე სასწავლო დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებში. ასეთი ზომები ხელს შეუწყობს საქართველოს იმიჯს, რომ ახალი კორონა ვირუსის გავრცელების კუხით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არის. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, ეს იმიჯი ვირუსის ჩაცხრომასთან ერთად დაეხმარება კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს პოტენციურ ტურისტებს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისას არჩევანი საქართველოზე გააკეთონ“,- ნათქვამია განცხადებაში.