ბოლო წლებში წყლის სექტორის დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ცქიტიშვილის განცხადებით, „ძალიან ბევრ დასახლებაში პრობლემად რჩება 24-საათიანი წყალმომარაგება”.
„სამწუხაროდ, სასმელი წყლის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ბევრი მუნიციპალური ქსელი საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს. ბევრია გასაკეთებელი წყლის ეფექტიანი სისტემების დასანერგად, რაზეც ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, გასულ წელს, მხოლოდ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის ინფრასტრუქტურის 276 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები დააფინანსა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 60%-ით მეტია. მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს წყლის ინფრასტრუქტურის დასრულებული პროექტების შედეგად დამატებით 8220 ადამიანს აქვს წვდომა 24-საათიან ხარისხიან წყალმომარაგებაზე. ამასთან, პრაქტიკულად დასრულებულია ქუთაისის და ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა 2020 წლის გეგმებზეც ისაუბრა.
„დასრულდება ჭიათურის, აბაშის, ანაკლიის, ჯვარის, აბასთუმნის, დაბა აგარის წყალმომარაგების უზრუნველყოფის სამუშაოები, ასევე - თელავის, ოზურგეთის და მრავალი სხვა დასახლებების წყალმომარაგება-კანალიზაციის პროექტების კონკრეტული ეტაპები. წელს დაგეგმილია წყლის ინფრასტრუქტურის 19 პროექტის დასრულება, რის შედეგადაც კიდევ 245 000 ბენეფიციარს ექნება წვდომა 24-საათიან, ხარისხიან წყალმომარაგებაზე. მინდა ცალკე აღვნიშნო, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში, წლის ბოლოსთვის გამყოფი ხაზის კიდევ 26 სოფელში 20 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.