კიდევ ერთი საკრუიზო გემი კალიფორნიის სანაპიროებთან შეაჩერეს

კალიფორნიის სანაპიროებთან საკრუიზო გემი პორტში არ შეუშვეს. გადაწყვეტილება ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ წინა ვოიაჟის დროს, გემზე მყოფი ერთ-ერთი პირი კორონავირუსით დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, Grand Princess-ზე კორონავირუსზე ანალიზის ასაღები ინვენტარი ვერტმფრენიდან ჩაუშვეს. აღებული ანალიზების შედეგები დღეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„გემი პორტში ვერ შემოვა, სანამ სრულყოფილად არ შევაფასებთ იქ არსებულ ვითარებას“, - განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა მედიასთან.

გავრცელებული ცნობებით, კრუიზზე რამდენიმე პირს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. გემზე 3000-ზე მეტი პირი იმყოფება.