რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გამო, ჩინური კომპანიებიდან, დაახლოებით, 500-მდე საინჟინრო ტექნიკური სპეციალისტი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამის გამო შესაძლოა საგზაო პროექტების ნაწილის დასრულება გადავადდეს.
„მთის გზების პროგრამის სამუშაოების დიდი ნაწილი 2021 წელს დასრულდება, ხოლო რაც შეეხება რიკოთის პროექტს, მისი ყველა მონაკვეთი დაკონტრაქტებულია. ორ მონაკვეთზე უკვე აქტიურად მუშაობენ კომპანიები და 2022 წლის სხვადასხვა პერიოდში მათ კონტრაქტების დასრულება უწევთ. რაც შეეხება კონტრაქტების დასრულების ნაწილში არსებულ შესაძლო რისკებს, სამწუხაროდ, ამ ეტაპზეც კორონავირუსის ეპიდემიის გამო რვავე ჩინური კომპანიიდან მივიღეთ შეტყობინებები, რომლის ფარგლებშიც ისინი გვატყობინებდნენ, რომ მათი სპეციალისტები ვერ შეძლებდნენ ჩამოსვლას. ეს არის დაახლოებით 500 ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პროექტზეა გადანაწილებული და ძირითადად, ეს არის საინჟინრო ტექნიკური პერსონალი, რომელიც მათ შორის, ხელმძღვანელობს ამა თუ იმ მონაკვეთზე სამუშაოს შესრულებას. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება, ამ გზებზე გარკვეული შეყოვნება იყოს, თუმცა ყველანი პოზიტიურად ვართ განწყობილი ზოგადად კორონავირუსის ეპიდემიის დამარცხების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.