აზერბაიჯანის გავლით სატრანზიტო ტვირთის გადამზიდავი ავტოტრანსპორტი პოლიციის მანქანების თანხლებით იმოძრავებს. ინფორმაციას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის გამო არსებული სიტუაციის გათვალიწინებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამ ქვეყნებიდან მომავალი გადამზიდავი ავტომობილები პოლიციის თანხლებით იმოძრავებენ. პოლიციის ესკორტი ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ მძღოლებმა დაისვენონ მხოლოდ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ესკორტი მანქანებს მთელი ქვეყნის მანძილზე გაყვება.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მძღოლებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში საკვები პროდუქტით სახელმწიფო მოამარაგებს. მძღოლებს უფლება არ ექნებათ კომუნიკაციაში შევიდნენ ადგილობრივ მოქალაქეებთან და ავტომობილები წინასწარ განსაზღვრული სივრცეების გარდა სხვა ტერიტორიებზე გააჩერონ.