მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყოველგვარი პარტიული ნიშნის მოგების ან ანგარიშსწორების გარეშე, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ ჩვენი გეგმის განხილვა და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ისედაც უმძიმესი ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბაქრაძის თქმით, მისი პარტიის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ქონების გადასახადის განახევრებით და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ბიზნესს საშუალება ექნება თავიდან აიცილოს სამუშაო ადგილების შემცირება.
„უმუშევრობა და ფასების გაძვირება არის ორი მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები მხოლოდ გაამწვავებს ამ პრობლემებს. ამიტომ, მოვამზადეთ კონკრეტული გეგმა, გადასახადების შემცირებით და საგადასახადო შეღავათებით როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. კერძოდ, ქონების გადასახადის განახევრებით და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ჩვენ საშუალებას მივცემთ ბიზნესს, თავიდან აიცილონ სამუშაო ადგილების შემცირება, ადამიანების სახლში გაშვება და ამით შევინარჩუნებით სამუშაო ადგილებს, ხოლო ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემცირებით შემცირდება, სავარაუდოდ, 8-10 თეთრით ბენზინის ფასი, რაც ასევე, გამოიწვევს ძირითად პროდუქტებზე ფასის შემცირებას და რაღაც პერიოდით მაინც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ძირითადი პროდუქტის გაძვირება. ამიტომ ეს ორი მიმართულებაა - სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ბიზნესისთვის შეღავათი, იმიტომ რომ არ იყოს შემცირებები და ადამიანები არ გაუშვან სახლში, მეორე მიმართულება, რომ არ მოიმატოს ფასებმა და შევინარჩუნოთ ფასებზე სტაბილურობა და არ გაძვირდეს ცხოვრება. ორივე მიმართულება არის ჩვენი გემის ძირითადი ნაწილი. ვფიქრობთ, ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ კორონავირუსით გამოწვეულმა სირთულეებმა უკვე ძალიან მტკივნეულად დაარტყა ქართული ეკონომიკის ცალკეულ სეგმენტებს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას ყოველგვარი პარტიული ნიშნისმოგების ან ანგარიშსწორების გარეშე რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ ამ გეგმის განხილვა, რაც შეიძლება სწრაფად გადადგან კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ისედაც უმძიმესი ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმდეს და უმუშევრობა და ფასების ზრდა კიდევ უფრო მძიმე ტვირთად არ იქცეს ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის“,- განაცხადა ბაქრაძემ.