საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო საინვესტიციო პროცესის დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო საინვესტიციო პროცესის დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპენსიო სააგენტოდან იუწყებიან, მიმდინარე დღეების განმავლობაში, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგების გაზრდის მიზნით და მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, საპენსიო სააგენტომ განახორციელა 575 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მაღალრეიტინგული ადგილობრივი ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 15 მილიონი ლარის ოდენობის საპენსიო აქტივები ეროვნულ ვალუტაში განათავსა ბანკების ვადიან დეპოზიტებზე.

„საინვესტიციო პროცესი, დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის და ფულადი სახსრებისა და მასთან გათანაბრებული ფინანსური ინსტრუმენტებისათვის 2020 წლის იანვარში დამტკიცებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, ამასთანავე, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების სრული დაცვით, წარმართა საინვესტიციო საბჭოს წევრმა დავით წიკლაურმა, რომელიც დროებით, ზემოხსენებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაინიშნა (3 მარტის ჩათვლით) უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე.

ჯამური ინვესტიციების ოდენობა გადანაწილდა 7 კომერციულ ბანკში და გამოყენებული იქნა შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტები - დისკონტური და საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი და ვადიანი დეპოზიტები, ინვესტიციების ვადიანობა განისაზღვრა 2-5 წლიანი პერიოდულობით, ხოლო საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 14.8%*-ით განისაზღვრა. ასევე მომავალში გაგრძელდება მოლაპარაკებები ამ და სხვა ქართულ კომერციულ ბანკებთან.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო უაღრესად დადებითად აფასებს დროებითი უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რადგან არსებულ პორტფელზე მოსალოდნელი უკუგება, მნიშვნელოვნად აღემატება, ამჟამად ბაზარზე არსებულ სარგებელს სახელმწიფო ბენჩმარკ ბონდებზე, მაშინ, როდესაც ადგილობრივი კომერციული ბანკების რისკების დონე არის დაბალი.

ამასთანავე, 2020 წლის თებერვალში, საინვესტიციო საბჭომ შეიმუშავა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ყველა ტიპის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტისთვის, რომელიც კანონთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით გაგზავნილია საქართველოს ეროვნულ ბანკში.

აღნიშნული განცხადება შემუშავებულია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების მიერ: ოლივიერ რუსო, საბჭოს თავმჯდომარე; ჟან-ფრედერიკ პოლსენი, თავმჯდომარის მოადგილე; მაკ რიდლი; ტიმო ვიჰერკენტა; დავით წიკლაური.

ნომინალური საპროცენტო განაკვეთის ცვლილება განპირობებულია საინვესტიციო პროცესის დაუსრულებლობით. ბოლო დღეების განმავლობაში ორი დამატებითი სადეპოზიტო სერტიფიკატის/დეპოზიტის შეძენა/განთავსება განხორციელდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.