მაია ცქიტიშვილი - კვალიფიციური მუშახელის პოვნა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო-ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, კერძო სექტორისთვის კვალიფიციური მუშახელის პოვნა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

როგორც მან პარლამენტში, „მინისტრის საათზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამშენებლო კომპანიაში დასაქმებულ პირებს საშუალება ეძლევათ, მუშაობის პარალელურად, პროფესიული განათლება მიიღონ.

„არა მარტო სახელმწიფო-ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, არამედ დარწმუნებული ვარ, კერძო სამშენებლო სექტორსაც აქვს იგივე გამოწვევები კვალიფიცირებულ მუშახელთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მუშები, არამედ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, პროექტის მენეჯერები, მთლიანად მთელი სფეროს მართვა ის გამოწვევაა, რომელიც გვაქვს.

ამ მიმართულებით განათლების სამინისტროს ძალიან კარგი, უკვე მოქმედი ინიციატივა აქვს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ შორის ბიზნესს, დუალური განათლების ფარგლებში პროფესიული განათლების მიწოდების სისტემაში ჩაერთოს. როგორც ვიცი, ამ საკითხში ბევრი სამშენებლო კომპანიიაა ჩართული. სამშენებლო კომპანიაში დასაქმებულ პირებს საშუალება ეძლევათ, მუშაობის პარალელურად, ის პროფესიული განათლება მიიღონ, რომელიც მათ აძლევთ სერთიფიკატს, მეტ ცოდნას და წვდომას უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.