საქართველოს ხელისუფლებაში, ამ ეტაპზე 5 ქალი მინისტრია. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს თოთოეული მათგანი.
ქალ მინისტრებს შორის, ყველაზე ბოლოს, კერძოდ, 2019 წლის ივნისში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. მანამდე იგი, საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.
როგორც მის მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, კატერინე ტიკარაძე ფლობს: 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2009 წელს 110 000 დოლარად შეიძინა.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ჯანდაცვის მინისტრს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 1770 ლარი, 5448 ლარი, 1300 ლარს ჰქონდა.
ამასთან, დეკლარაციაში მინისტრს წინა სამსახურში მიღებული ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ აქვს.
დოკუმენტის მიხედვით, ეკატერინე ტიკარაძის მეუღლე ბიძინა კაკაბაძე ფლობს 1611 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ცხვარიჭამიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 2016 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი mercedes G 300 D, toyota camri 2012 და მოტოციკლეტი BMW R100 RT.
ბიძინა კაკაბაძე შპს ავტოექსპერტიზა საქართველო თბილისი დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობაში 17%-იან წილს ფლობს, სადაც მენეჯერის პოზიციას იკავებს, მისმა ხელფასმა 2018 წელს 24 000 ლარი შეადგინა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აღნიშნულ პოსტს 2018 წლის გაზაფხულიდან იკავებს.
მანამდე, 2012 წლიდან ცქიტიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, რა პერიოდშიც მისი ანაზღაურება განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. კერძოდ, კითხვებს იწვევდა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციის უფროსის შემოსავალი მთავრობის მეთაურის, პრემიერ-მინისტრის შემოსავალსაც კი აჭარბებდა.
2020 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მინისტრი ფლობს:182,80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რაშიც 270 000 ლარი აქვს გადახდილი; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს, 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავე მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაცის შევსების მონეტში მაია ცქიტიშვილს საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ჰქონია.
ამასთან, მაია ცქიტიშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით აღებული აქვს - 60 300 ლარი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აღნიშულ თანამდებობას 2019 წლის აპრილიდან იკავებს. ეკონომიკის სამინისტრომდე 2013-2018 წლებში თურნავას „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა.
როგორც 2019 წლის 30 ნოემბერს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ეკონომიკის მინისტრი ფლობს: 130,79 კვადრატული მეტრისა და 137,21 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 20,3 კვ. მეტრის ავტოფარეხსა და 1 615 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთაში. მის მფლობელობაშია ავტომობილი Mercedes Benz ML class, რომელიც მინისტრმა 2014 წელს 43 000 დოლარად შეიძინა.
ეკონომიკის მინისტრს ჰყავს მეუღლე, რომელიც ფლობს - ორ ბინას ბათუმში, 1 ბინას თბილისში, ასევე სამ მიწის ნაკვეთს დედოფლისწყაროში; ორ მიწის ნაკვეთს ლაგოდეხის რაიონში და 380 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, ასევე ამავე მიწაზე მშენებარე ბინას. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი Mercedes Benz ML class-ი.
რაც შეეხება ნათია თურნავას საბანკო ანგარშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა : "თი–ბი–სი ბანკის ბარათზე 174,62 დოლარს. დანაზოგის სახით კი - 50 000 ლარს.
დეკლარაციის მიხედვით, ნათია თურნავას, სს "საპარტნიორო ფონდში " აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტზე, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, 2018 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, აღებული აქვს 141 750 ლარი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზე, 2018 წლის 14 სექტემბრიდან 31 დეკემებრამდე კი- 32 190 ლარი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდა, კერძოდ, 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოსტს ამ დრომდე უცვლელად იკავებს.
2020 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანი ფლობს, 6 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში, რომელიც 2017 წელს საჩუქრად მიიღო; 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; სოფელ დიღომში მდებარე 330,22 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და ამავე მისამართზე მდებარე 40,93 კვ. მეტრის ავტოფარეხს.
რაც შეეხება მის საბანკო ანგარშებს, თეა წულუკიანი დეკლარაციის შევსების მონეტში ფლობდა: "საქართველოს ბანკის" უნივერსალურზე - 42 11,38 ლარს, პრემიუმ ანაბარზე - 3 173,75 ევროს, ხოლო, საბავშვო ანაბარზე - 5 755,8 ლარს.
ამასთან, თეა წულუკიანს იუსტისიციის მინისტრის პოსზე, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასისი სახით, 60000 ლარი აქვს აღებული.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშილის შემოსავალმა გასულ წელს აღნიშნულ პოსტზე 60 300 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ირკვევა რომ ძირითადი უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი მინისტრის მეუღლე არმინ ჰუთენლოხერია.
კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, ციხელაშვილი ფლობს ოქროყანაში მდებარე 188,9 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლის 50%-იან წილს, რომლის თანამესაკუთრე და 50%-ის მფლობელი მისი მეუღლე არმინ ჰუთენლოხერია. მინისტრს ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი Hyundai Tucson.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრს ,,თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 2043,4 ლარი; ანაბარზე - 1287,18 დოლარო დ 5 ევრო; მიმდინარეზე - 1800,41 ევრო და 300 დოლარი ჰქონდა.
მინისტრს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლე არმინ ჰუთენლოხერი ფლობს 280 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის 25%-ს გერმანიაში, ქონების თანამესაკუთრეები კი ალფრედ და ბირგიტ ჰუთენლოჰერები არიან ; 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის 50%-ს ბერლინში, რომლის თანამესაკუთრეც კორნელია ადომეიტია; მის საკუთრებაშია ასევე ბერლინში მდებარე 86 კვ. მეტრის ბინის 20%, რომლის თანამესაკუთრეც ბირგიტ ჰუთენლოხერია; ხორვატიაში 180 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის 80%, რომლის მეწილეც ტომას ჰაიმია; მასვე ეკუთვნის გერმანიაში 4 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის (საჯარო გამოყენების ტყე-პარკის) 25%, რომლის თანამესაკუთრეებიც ბირგიტ და ელფრიდე ჰუთენლოხერები არიან.
გარდა აღნიშნული უძრავი ქონებისა, დეკლარაციის შევსების მომენტში არმინ ჰუთენლოხერი OMNICOM Holding-ის 846 აქციის მფლობელი იყო. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, postbank nuernberg-ის მიმდინარე ანგარიშზე - 3384,8 ევრო ჰქონდა.
გარდა ამისა, დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრის მეუღლეს ჰქონდა 450 000 ევროს ოდენობის სესხი, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა 68 000 ევრო შეადგინა; გერმანიაში ბინის ქირაობის შედეგად კი გასულ წელს 14 400 ევროს გასავალი ჰქონდა.