იტალიასთან პირდაპირი ფრენები დღეიდან შეჩერდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, „რეინეარის“ დღეს დაგეგმილი რეისი აღარ შესრულდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, დღეს „რეინეარის“ რეისის გარდა, იტალიის მიმართულებით სხვა რეისი არ იყო დაგეგმილი.
„მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე შევზღუდეთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიასთან. აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც პირდაპირ რეიებს ასრულებდნენ და ასევე, იტალიის საავიაციო ხელისუფლებას. შესაბამისად, დღეს საღამოს დაგეგმილი „რაინეარის“ რეისი არ შესრულდება. რეისი უნდა ჩამოფრენილიყო 22:20 საათზე საქართველოში და შემდეგ 22:50 საათზე უნდა გაფრენილიყო. ეს რეისი არ შესრულდება. მიმდინარეობს ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა მთავრობასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. ჩვენი უწყებაც ჩართულია. სხვადასხვა შესაძლებლობები განიხილება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდენ საქართველოში. აღნიშნულის შესახებ მოგვიანებით ეტაპობრივად ეცნობებათ თვითონ იმ მოქალაქეებს და საზოგადოებას.
დილით შესრულდა „ვიზეარის“ რეისი და შესაბამისად როგორც კი შევიდა ძალაში გადაწყვეტილება, საღამოს რეისი უკვე არ შესრულდება,“ - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.