როგორ ტოვებენ „თიფს“ ევროპის ქვეყნებში და რა ხდება საქართველოში

Tip - ქართულად „ჩაი“ ან უბრალოდ „თიფი“ - მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი თანხის დატოვებას გულისხმობს.

წარმოიდგინეთ, ვახშამს მიირთმევთ რესტორანში, მიმტანი ძალიან კარგად გემსახურებათ, ანგარიშიც დროულად მოგიტანათ და თქვენ ფიქრობთ: „ჩაის ფული“ უნდა დავუტოვო? ან ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორმა თხოვნის გარეშე გაგიწმინდათ საქარე მინა - რა თქმა უნდა, მადლობას გადაუხდით ამისთვის, მაგრამ დაუტოვებთ თუ არა მას „თიფს“, როგორც პატივისცემისა და მადლიერების ნიშანს მის მიერ გაწეული მომსახურებისთვის?

„ჩაის“ დატოვების ტრადიცია ინგლისიდან იღებს სათავეს - ქვეყნიდან, სადაც ყველაზე მეტად აქცევენ ყურადღებას ქცევის წესებსა და ეტიკეტს. თუკი სტუმრებს ისე შეაგვიანდებოდათ სახლში დაბრუნება, რომ მასპინძელთან გადაწყვეტდნენ ღამის გათევას, ისინი თანხას მომსახურე პერსონალს უტოვებდნენ და ამით სიმბოლურად გამოხატავდნენ ოჯახისადმი მადლიერებას.

როდესაც მომსახურებისთვის დამატებითი საფასურის გადახდაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ კვების ადგილების გარდა კიდევ ათობით ობიექტია, სადაც მომსახურე პერსონალი ასევე იმსახურებს ე.წ. თიფის დატოვებას.

რა სახის მომსახურებისთვის ტოვებენ „თიფს“ ევროპაში?

რესტორნები

ევროპის ქვეყნების რესტორნებში „თიფის“ მინიმალური ზღვარი საერთო თანხის 5%-ია, თუკი კლიენტი 10%-ს ტოვებს ე.ი. სერვისით ძალიან კმაყოფილი და გულუხვია.

რესტორნების ნაწილში „თიფი“ სავალდებულოა (5-10%) და საერთო თანხაში შედის, შესაბამისად, თუკი ჩეკის ბოლოს „თიფის“ აღნიშვნას დაინახავთ, არ გაგიკვირდეთ.

ბარები და პაბები

მცირე ზომის ბარებსა თუ პაბებში „თიფის“ დატოვება სავალდებულო არ არის, თუმცა თუკი ბართან მონეტებით სავსე ქილას დაინახავთ, სასურველია, თქვენც დატოვოთ მცირე თანხა.

ბენზინგასამართი სადგურები

ევროპის ქვეყნებში ბენზინგასამართ სადგურებზე ოპერატორებს, საშუალოდ, 1 ევროს უტოვებენ.

ტაქსები

ევროპის ქვეყნებში ეტიკეტის ნაწილია ტაქსის მძღოლისთვის თანხის დამრგვალება.

სასტუმროები

სასტუმროში პორტიეს ერთი ჩემოდნის ატანისთვის 1-2 ევროს უტოვებენ ხოლმე.

რა რაოდენობის „თიფს“ ტოვებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში?

ავსტრია - ავსტრიაში „ჩაის თანხა“ ყოველთვის საერთო თანხაშია შეტანილი, გარდა ტაქსის სერვისისა. ჩვეულებრივ, ტაქსის მძღოლებს მომსახურების 10%-ს უტოვებენ.

ინგლისი - ჩვეულებრივ, „თიფის“ საფასური ჩეკშია მითითებული, მაგრამ თუკი არ წერია, სასურველია საერთო თანხის 10%-ის დატოვება, თუკი მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით.

ხორვატია - „ჩაის“ დატოვება დღის რუტინის ნაწილია - იქნება ეს სასაუზმო, რესტორანი, სასტუმრო თუ ბენზინგასამართი სადგური.

იტალია - იტალიის რესტორნების მენიუში ორნაირ წარწერას შენიშნავთ: Servizio incluso და servizio non incluso. პირველი იმას ნიშნავს, რომ „თიფი“ (საშუალოდ, 15%) საერთო თანხაში შევა, ხოლო მეორე მიგვანიშნებს, რომ „თიფის“ დატოვება ნებაყოფლობითია და ჩვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

საფრანგეთი - საფრანგეთში, იტალიის მსგავსად, სავალდებულო „თიფი“ 15%-ით განისაზღვრება, ნებაყოფლობითი კი 5-დან 10 პროცენტამდეა იმის მიხედვით, თუ რა სახის მომსახურებით ვსარგებლობთ.

გერმანია - „თიფის“ გადახდა სავალდებულო არ არის, თუმცა საერთო თანხის 3-5%-ის პერსონალისთვის დატოვება კარგ ტონად ითვლება.

როგორც ვნახეთ, „თიფი“ შეიძლება საერთო თანხაში შედიოდეს. ხოლო, თუკი არ შედის, 3-15%-მდე თანხის დატოვებაა მიზანშეწონილი იმის მიხედვით, თუ რომელი მომსახურებით სარგებლობთ.

რა ხდება საქართველოში?

სტატისტიკა, თუ რამდენად მაღალია „თიფის“ დატოვების კულტურა საქართველოში, არ არსებობს, თუმცა ცხადია, რომ ნელ-ნელა აქტუალური ხდება. მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი თანხის დატოვება მომხმარებლისადმი პატივისცემას ზრდის.

აღსანიშნავია, რომ მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი თანხის მიცემას თავად კომპანიებიც მიესალმებიან. როგორც „სოკარის“ მარკეტინგის მენეჯერი თათული ანთიძე აღნიშნავს, დამატებით დატოვებული თანხა მომსახურებით კმაყოფილებას ნიშნავს და ეს კომპანიისთვის მისაღები კულტურაა: „თუკი ჩვენი ოპერატორები დამატებით მომსახურებას შესთავაზებენ მომხმარებელს (მაგალითად, საქარე მინის გაწმენდა თუ სხვა) და მადლობის ნიშნად დამატებით თანხას მიიღებენ, ეს მათი შრომის დამატებითი დაფასებაა, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის სასიამოვნოა მომხმარებლის მხრიდან კი მშვენიერი საშუალებაა, რომ თანამშრომლისადმი კმაყოფილება და კომპანიისადმი ერთგულება გამოხატოს,“ - აღნიშნავს თათული ანთიძე.

როგორც ვნახეთ, მომსახურე პერსონალისთვის „თიფის“ დატოვება გავრცელებული და დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ მიმართულებით საქართველოში სასიამოვნო სიახლეებია, ერთ-ერთმა ბანკმა სულ ცოტა ხნის წინ დანერგა გადახდის ახალი სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ბარათისა და ტერმინალის საშუალებით დატოვოს „თიფი“ მომსახურე პერსონალისთვის.