ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების საკითხზე გამართული შეხვედრა ძალიან საქმიანი, გულახდილი და ზომიერი ოპტიმიზმით გამსჭვალული იყო.
როგორც მინისტრმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ტურისტული ინდუსტრია არსებულ გამოწვევებს უყურებს, როგორც დროებით, რომელიც ერთობლივი ძალებით გადაილახება.
„ვიმსჯელეთ პრობლემების შესახებ, რაც ფინანსურ გამოწვევებს უკავშირდება. დარგს კორონავირუსიდან გამომდინარე დროებითი ფინანსური პრობლემა შეექმნა. ყველა საკითხზე ეკონომიკურ გუნდში დეტალურად ვიმსჯელებთ", - აღნიშნავს თურნავა.
ცნობისთვის, პრემიერ-მონისტრ გიორგი გახარიას დავალებით, დღეს ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი პრობლემების გამო სახელმწიფოსგან გადასახადების გადახდის გადავადებას, ასევე ენერგოკომპანიებსა და ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ.