იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას, რომლებსაც გაუქმებულ რეისებზე ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. ამის შესახებ ნათქვამია იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ამისათვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე hotline.rome@mfa.gov.ge გააგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთების ან ბილეთების ჯავშანის ასლები.
„საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან დროებით შეწყვიტოს პირდაპირი საჰარეო მიმოსვლა.
აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ახორციელებენ იტალიის მიმართულებით, აგრეთვე იტალიის საავიაციო ხელისუფლებას.
შეზღუდვა დროებითია და მოქმედებს იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითვე, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკაში და შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები მომავალი ორი კვირის განმალობში საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 6 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმებულ რეისებზე, საქართველოში მათ ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.