ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები „დათვურ სამსახურს“ უწევენ ტურიზმის ინდუსტრიას და „ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს რაღაც კატასტროფა ხდება ტურიზმში“.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამით ზოგიერთი პოლიტიკოსი იაფფასიან ქულებს იწერს.
„ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა, რომ იაფფასიანი ქულები დაიწეროს ახლა, რომ ვითომ ტურიზმს დაუდგა გამოწვევა. ისინი „დათვურ სამსახურს“ უწევენ ტურიზმის ინდუსტრიას, როცა ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს რაღაც კატასტროფა ხდება ტურიზმში. ვგულისხმობ ოპოზიციას, ვინც გამოდის და ეჯიბრება ერთმანეთს, თითქოს ტურიზმის გვერდში დგომაში. არ მინდა კონკრეტულად დავასახელო პიროვნებები. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, იაფფასიანი ქულების დაწერის მსურველი ბევრია ქვეყანაში და მე მათ მინდა ვუთხრა, რომ შეხვდნენ ტურიზმის ინდუსტრიას და მოუსმინონ. პირველ რიგში, მთავარია არ დავაზარალოთ ქვეყნის იმიჯი და არ დავხატოთ ისეთი სურათი, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და მომავალშიც, როდესაც კორონავირუსის საფრთხე გადაივლის, არ დავაზარალოთ ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია“, - აცხადებს თურნავა.