ნათია თურნავა - სახელმწიფო იტალიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რომელთაც „ვიზიარის“ ან „რაინეარის“ ბილეთები ჰქონდათ აღებული ან დაჯავშნილი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო იტალიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რომელთაც ავიაკომპანიების - „ვიზიარის“ ან „რაინეარის“ ბილეთები ჰქონდათ აღებული ან დაჯავშნილი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.

მისი თქმით, ამ მოქალაქეებისთვის ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზება მალე მოხდება.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ დღეს. ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა კომუნიკაცია „ვიზიართან“ და „რაინეართან“. რაიმე სახის მოთხოვნა მათი მხრიდან არ წამოსულა. რა თქმა უნდა, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვინაიდან, იტალია არის მაღალი რისკის მატარებელი ქვეყანა, მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვიფიქროთ, რომ ავიაკომპანიებიც ამას გაგებით მოეკიდებიან. ასევე, მინდა, ცალსახად დავაზუსტო, რადგან ეს არის მაღალი ინტერესის სფერო, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომელთა ტრანსპორტირებასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. საუბარია საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომელთაც აღებული ჰქონდათ ბილეთები ან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაჯავშნილი ჰქონდათ „ვიზიარის“ ან „რაინეარის“ მეშვეობით ჩამოფრენა საქართველოში. ამ მოქალაქეებისთვის ჩვენ ალტერნატივას შევიმუშავებთ და ძალიან მალე შევთავაზებთ“,- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.