გიორგი კვირიკაშვილი: 2015 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 9 მილიარდ 400 მლნ ლარით

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებები რჩება დაახლოებით იმავე დონეზე, რაც წელს იყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

"დღეს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები იქნა განხილული. მაკროეკონომიკური პარამეტრების დონეზე შევთანხმდით, რომ 2015 წელს დაიგეგმება 5-პროცენტიანი რეალური ეკონომიკის ზრდა და 4-პროცენტიანი დეფლატორი ანუ ინფლაცია. მაკროპარამეტრების დონეზე მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი დაიგეგმა 9 მილიარდ 400 მილიონით გრანტების და საერთაშორისო კრედიტების ჩათვლით, ხოლო თვითონ ბიუჯეტი იქნება 8 მილიარდ 600 მილიონი ლარის ფარგლებში დაგეგმილი. რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს ასიგნებებს, იგი რჩება დაახლოებით იმავე დონეზე, რაც იყო წლევანდელი წლის ასიგნებებში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს განვითარების ბანკზეც ისაუბრა. მისი თქმით, განვითარების ბანკის ნაცვლად შეიქმნება განვითარების საფინანსო კორპორაცია, რომელიც საპარტნიორო ფონდის რეფორმირების კონცეფციას დაეფუძნება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია.