„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ვანო ჩხარტიშვილის საწარმოს წლიური შემოსავალი დაახლოებით 7-8 მილიონი ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ეჭვებს აჩენს, რომ ამით ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესების ლობირება ხდება. გარდა ამისა, ფრაქციის წევრთა განცხადებით, ეს კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გატარებულ პოლიტიკასთან, ვინაიდან მისი დამტკიცებით, თამბაქოზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოხდება.
„ეს კანონი, მიღების შემთხვევაში, სავარაუდოდ, წყალს დაასხამს ვანო ჩხარტიშვილის წარმოებას, რომელიც თამბაქოს ერთადერთი საწარმოა საქართველოში. ეს იქნება მისთვის მიღებული კანონპროექტი. ეფექტზე თუ ვისაუბრებთ, დაახლოებით 7-8 მილიონი ლარით გაიზრდება ამ საწარმოს წლიური შემოსავალი, ჩემი ძალიან უხეში დათვლით. გარდა ამისა, კონცეპტუალურად ეს ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის შესახებ მთელ იმ პოლიტიკას, რომელიც თქვენ მიერვე იყო მიღებული. ეს კონცეფცია თავის თავში იმავდროულად გულისხმობს შეზღუდვას, ხოლო ეს კანონპროექტი ზრდის თამბაქოზე ხელმისაწვდომობას,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
შეგახსენებთ, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის - საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების რეალიზაცია 50 და 100 გრამიან საფუთავებთან ერთად, შესაძლებელი იქნება 15 გრამიან საფუთავებშიც. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და გურამ მაჭარაშვილი არიან.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის ევროდირექტივასთანაც, რომლის მიხედვითაც რეალიზაციისთვის მინიმალურ რაოდენობას 30 გრამიანი საფუთავი წარმოადგენს.