ოზურგეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 6 მილიონი ლარი გამოიყოფა

ოზურგეთში მიყენებული ზარალის ოდენობა 6 მილიონ ლარს შეადგენს.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს დილის 08.00 საათის მონაცემებით, 6 მილიონი ლარი სჭირდება ოზურგეთის რაიონში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას.

"აქ საუბარია ინფრასტრუქტურაზე, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე, გზებზე, შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უკვე იმსჯელა და ჩვენ დაგვევალა 6 მილიონი ლარი გამოვყოთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება აჭარას, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იქ სამუშაოები გრძელდება, მობილიზებულია ტექნიკა და შტაბი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჭარაში ჯერჯერობით ზარალის რაოდენობა ცნობილი არ არის.