ნათია თურნავა: "ექსპორტსა და ტურიზმს ყველაზე დიდი დარტყმის საფრთხე ემუქრება"

"ჩვენი ეკონომიკა უძლებს გარე შოკებს და ამას ცხადყოფს ჩვენი მაკროეკონომიკური მდგომარეობა - კორონავირუსის ფონზე ეროვნული ვალუტა მყარდება"

ახალმა კორონავირუსმა უკვე დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე, განსაკუთრებით მძლავრი დარტყმა კი ტურიზმს მიაყენა. საქართველომ კორონავირუსის გამო დროებით შეწყვიტა პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, ირანსა და იტალიასთან. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ცნობით, საერთაშორისო ავიაციის წლიურმა დანაკლისმა შესაძლოა 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. მოსალოდნელია, რომ ტურიზმისა და ავიაციის სექტორში მარტი უფრო მძიმე იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. კორონავირუსმა, ფაქტობრივად, დააცარიელა ცა, ხოლო სასტუმრო ბიზნესს გაკოტრების საფრთხე შეუქმნა.

ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი: "გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციამ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომ კორონავირუსის გამო გლობალური ექსპორტი დაახლოებით 50 მილიარდი დოლარით შემცირდება. ჩინეთი გლობალური ინდუსტრიული ჰაბია, მრეწველობის უდიდესი ნაწილი იქ არის კონცენტრირებული, შუალედური პროდუქციის გამოშვების 20% სწორედ ჩინეთზე მოდის. შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელება, მათ შორის ჩინეთში, უარყოფით გავლენას მოახდენს არა მარტო ჩინეთის, არამედ გლობალურად ეკონომიკაზე, რადგან გეოგრაფიული დაშორების მიუხედავად, დღეს მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ ინტეგრირებულია. საქართველოც ამ ეკონომიკის ნაწილია და ექსპორტი და ტურიზმია ის დარგები, რომლებსაც ყველაზე დიდი დარტყმის საფრთხე ემუქრება.

კარგი ის არის, რომ ჩვენი ეკონ­ო­მიკა უძლებს გარე შოკებს და ამას ცხადყოფს ჩვენი მაკროეკონ­ო­ზმიკური მდგომარეობა - კორ­ონავირუსის ფონზე ეროვნული ვალუტა მყარდება. იანვარში ტურიზმის განვითარების ტრაექტორია დადებითი იყო, 19%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი. ექსპორტშიც დაახლოებით 10%-იანი ზრდა გვქონდა. წინასწარი მონაცემებით, მარტში არ გაიზრდება საერთა­შორისო ვიზიტორების რიცხვი, მაგრამ ეს ჩვენი გამიზნული პოლ­იტიკის შედეგია. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და საზღვრებს დროებით ვკეტავთ, რათა ინფექცია არ გავრცელდეს.

ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებმა ერთი რამ ცხადყო - ბიზნესსექტორი ოპტიმისტურადაა განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროებში ბევრი ჯავშანი გაუქმდა ან გადავადდა, ამას ყველა უყურებს როგორც დროებით პრობლემას და იმედი აქვთ, რომ მაისიდან ცხოვრების ნორმალური რიტმი აღდგება. სექტორის წარმომადგენლები დროებით ხელშემწყობ ღონისძიებებს ითხოვენ. მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის ინდუსტრია დიდი გაგებით ეკიდება იმ შემზღუდავ ქმედებებს, რომელთა დაწესებაც ჩვენ მოგვიხდა. უფრო მეტიც, ამაყობენ, რომ საქართველო ამაშიც ერთ-ერთი სანიმუშო აღმოჩნდა, რადგან ჩვენი ტურისტული მიმზიდველობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ისიც არის, რომ ვართ უსაფრთხო ქვეყანა, მათ შორის ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისითაც.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა პრობლემა, რომელთა წინაშეც ახლა დარგი აღმოჩნდა, და დახმარების სხვადასხვა გზა განვსაზღვრეთ. მათ შორის ეს შესაძლოა იყოს მონეტარული და არამონეტარული გზები. არის საკითხები, რომლებიც, მაგალითად, დაკავშირებულია გადასახადებთან, ბანკებთან, სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებასთან. ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმსჯელოთ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, რადგან ამ საკითხების უმეტესობა სცდება ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციას. დეტალურად მოვისმინეთ პრობლემები, სურათი ვიცით და პრემიერთან ერთად ვიმსჯელებთ. ვფიქრობთ, უახლოეს ორ კვირაში უფრო ნათლად გვეცოდინება, თუ რას გავაკეთებთ.

არის საკითხები, რომლებიც შეხვედრაზევე გადავწყვიტეთ. მაგალითად, ახლავე შეგვიძლია გადავაწყოთ ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია, რამაც ძალიან კარგად იმუშავა რუსეთიდან ფრენების შეწყვეტის შემდგომ, როცა ჩვენი მარკეტინგი მივმართეთ ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც სწრაფად შეძლებდნენ რუსი ტურისტების ჩანაცვლებას. ახლაც გადავეწყობით სხვა ბაზრებზე და დაფინანსებასაც იქით მივმართავთ. მეორე საკითხი, რასაც ასევე დავპირდი ტურისტულ ინდუსტრიას, ტრენინგებისა და კონფერენციების აპრილში გადმოტანას შეეხება. რაც დაგეგმილი გვქონდა ზაფხულსა და შემოდგომაზე, თუ შესაძლებელი იქნება, აპრილში გადმოვიტანთ, რათა დავეხმაროთ სასტუმროებსა და ტურისტული განთავსების ობიექტებს. დანარჩენზე გუნდში ვიმსჯელებთ, აუცილებლად გვერდში დავუდგებით სექტორს.

ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია პირდაპირი ფრენები ევროპულ სახელმწიფოსა და ქალაქთან, მათ შორის იაფი ფრენები, რაც მნიშვნელოვანი ბერკეტია მოსახლეობისა და ტურიზმის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავთმობთ ამ ყველაფერს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას და მაღალი დასნებოვნების მქონე ქვეყნებს ეს სტატუსი მოეხსნებათ, მყისიერად ყველაფერს აღვადგენთ. მეტიც, გავაორმაგებთ ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ ტურისტები საქართველოში".

"დღეს სასტუმროების ბიზნესი შოკშია!"

შალვა ალავერდაშვილი, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი: "მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალი ისედაც მძიმე იყო ტურისტული სექტორისთვის უჩვეულოდ უთოვლო ზამთრის გამო, რამაც დიდად დააზარალა საქართველოს ზამთრის კურორტები, თბილისის სასტუმროები კი ამ სეზონზე, ფაქტობრივად, ზამთრის კურორტების დამსვენებლებით საზრდოობენ, რადგან ტურისტი ორი დღით მაინც თბილისში ჩერდება. რადგან ზამთარშიც არ გვყავდა ტურისტები, მთელი ფინანსური რეზერვები ამ რთული პერიოდის გადასაგორებლად დავხარჯეთ და იმედით შევყურებდით გაზაფხულს. თებერვალი იმედისმომცემი იყო, რადგან ბევრი ჯავშანი გვქონდა უკვე მარტისთვის და სასტუმროები თითქმის 55-60%-ით იყო დატვირთული. 11 მარტიდან საქართველოსთან ჩარტერულ რეისებს იწყებს ტაილანდი და ტურისტების დიდ ნაკადს სწორედ იქიდან ველოდებოდით. ტაილანდის გარდა, აქტიურობდნენ ტურისტები ე.წ. ტრადიციული ბაზრებიდან და მათ შორის, რა თქმა უნდა, ირანიდანაც, რომელთანაც საქართველომ სახმელეთო მიმოსვლა შეწყვიტა. 16-17 მარტიდან იწყება ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა, შემდეგ მოდის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, პასექი და ამ პერიოდისთვისაც ბევრი ჯავშანი გაკეთდა, მაგრამ ჯავშნების 90% გაუქმდა ან ზაფხულ-შემოდგომისთვის გადავადდა. კიდევ ორი მძიმე თვე გვაქვს გადასატანი და ყოველ დილით იმ იმედით ვიღვიძებ, რომ გავიგებ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ან ანტივირუსის გამოშვების ამბავს და შვებით ამოვისუნთქავთ. მანამდე კი პრობლემებთან გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება თანამშრომლების დათხოვნა, ამიტომ გულახდილად ვუთხარით, რომ შესაძლებელია მარტში მათთვის ხელფასების გადახდა გაგვიჭირდეს. თითქმის არ ვიცი სასტუმრო საქართველოში, რომელიც საბანკო კრედიტის გარეშე იყოს შექმნილი - ყველას აქვს საბანკო ვალდებულება. გარდა ამისა, გადასახადებს ვუხდით სახელმწიფოს.

ჩვენ არ ვთხოვთ მთავრობას რაიმეს პატიებას, სუბსიდირებას, ვითხოვთ მხოლოდ ზოგიერთი ვალდებულების გადავადებას, ბანკებთან შუამდგომლობას, რათა სახელმწიფო გადასახადები იქნება თუ ბანკის კრედიტი, გადანაწილდეს შემდგომ პერიოდზე, როცა ვითარება გამოსწორდება.

გასული ზამთარიც მძიმე იყო სასტუმრო ბიზნესისთვის - საქართველოში წითელას ვირუსი იყო გავრცელებული და მნიშვნელოვნად შემცირდა შემოსავლები ტურისტულ სექტორში. შემდეგ იყო "გავრილოვის ღამე" და რუსეთთან ავიაფრენების შეწყვეტა. სხვა გარე ფაქტორების გარდა, ახლაც, არასეზონზე ტურისტების ნაკადი ძალიან შემცირდა. ამას ისიც ემატება, რომ ბევრი ბაზარი სხვადასხვა მიზეზის გამო საქართველოს მიმართ უარყოფითად განეწყო. მაგალითად, დუბაი, საიდანაც შემოსულ ტურისტებს ჩვენთვის უცნობი მიზეზით აეროპორტიდანვე აბრუნებენ უკან. ტურისტებისაგან დაცარიელდა დედაქალაქიც. "ბუქინგკომის" მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში თბილისის სასტუმროების დატვირთულობა წინა წელთან შედარებით თითქმის 37%-ით შემცირდა. კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანიის მონაცემებით (შთღ), რომლითაც სასტუმროების შემოსავლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზომება, თითქმის 40%-იანი კლება გვაქვს მხოლოდ იანვარში. მეშინია, რომ რამდენიმე დღეში სასტუმროებმა შესაძლოა დახურვის გადაწყვეტილება მიიღონ. რამდენიმემ უკვე დაკეტა კარი. ბევრიც ფიქრობს, დაიკეტოს, რადგან მოქმედ სასტუმროს სტუმრის გარეშეც ყოველდღიური ხარჯი აქვს, ხოლო შემოსავლების გარეშე ხარჯებს ვერ ფარავს. ასე რომ, დღეს სასტუმროების ბიზნესი შოკშია!".

„კვირის პალიტრა"

ემა ტუხიაშვილი