ალბათ, ყველას გახსოვთ ყალბი დღგ-ის საქმე, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო სამსახურმა 53 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, 38 კი დააკავა.
მათი უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორები და ფაქტობრივი მმართველები არიან. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბიუჯეტმა 100 მილიონი ლარის ზარალი აიცილა. მათივე ინფორმაციით, კომპანიების დირექტორები და ფაქტობრივი მმართველები ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი დღგ-ის ანგარიშფაქტურებს აყალბებდნენ. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით დღგ-ში ყალბ აქტივს იქმნიდნენ. პარალელურად, სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებდნენ, რომ სწავლობდნენ საჯარო მოხელეების ზემოხსენებულ უკანონო სქემასთან კავშირს, თუმცა მას შემდეგ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაკეთებულა. ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ და ლევან კობერიძემ ეს საკითხი კვლავ წამოსწიეს და განაცხადეს, რომ მთავარი კითხვები ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს უნდა დაესვას.
გედევან ფოფხაძე: - ივანე მაჭავარიანის ბრალეულობაზე ფიქრის საფუძველს მაძლევს ის, რომ მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე არ მოვიდა. მოპარული 100 მლნ ლარის აქტივები, ტელევიზიების დავალიანების ამოღების გრაფიკი, აზარტულ ბიზნესში მაფიოზური სქემები - ყველაფერი მისი პასუხისმგებლობაა. ან დაასაბუთოს, რომ ამ ყველაფერში ბრალი არ მიუძღვის, ან გადადგეს თანამდებობიდან და აღიძრას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. ყველა, ვინც მას დაიცავს, მისი თანამონაწილეა.
- მაჭავარიანმა მოგვიანებით განმარტა, თუ რატომ არ მოვიდა საკომიტეტო სხდომაზე.
- დიახ, სამი დღის წინ ვიყავი და თუ რამე გინდოდათ, გეკითხათო. ვის უნდა დააჯეროს, რომ არ იცის, რა განსხვავებაა კომიტეტის სხდომასა და მინისტრის საათის ფორმატებს შორის? მინისტრის საათის ფორმატი, ასე თუ ისე, არასასურველი კითხვების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა და ეს მაჭავარიანმა კარგად იცის. მას არ სურდა კორუფციაზე საუბარი და ამიტომ არ მოვიდა კომიტეტის სხდომაზე.
არ ვამბობ, რომ კორუფციული სქემა პირადად მაჭავარიანმა შექმნა და ფული მან მოიპარა. ჩვენ ვამბობთ, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო. ვინ დაიჯერებს, რომ ასეთი რამ ვინმემ მინისტრის ხელის დაფარების გარეშე გაბედა?
ლევან კობერიძე: - პოლიტიკური კორუფციაა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ტელევიზიების 55 მლნ-იანი დავალიანება, რომელიც გადასახადის გადამხდელების ფულია. მე ფინანსთა მინისტრისგან ასეთი პასუხი მივიღე, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ შეგვიშალა ხელიო. კი მაგრამ, თუ "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში სტრასბურგმა შეუშალა ხელი, "მაესტროსა" და "იმედთან" დაკავშირებით რა მოხდა, რატომ ვერ დაადეს ინკასო? რაც შეეხება ელიტურ კორუფციას, 100 მლნ დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნას მინისტრის მფარველობის გარეშე რომ ვერავინ მოახერხებდა, ეს ყველამ ვიცით. ერთმა პატარა კომპანიამ ერთ დღესაც რომ გადააცილოს დღგ-ს გადახდა, მაშინვე დაუყადაღებენ ანგარიშს. როგორ დაგროვდა 100 მლნ დავალიანება?! ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ რეალურად არაფერია გამოძიებული.
- ცნობილია, რომ ამ საქმეზე საკმაოდ ბევრი პირია პასუხისგებაში მიცემული.
- კი, მხოლოდ წვრილ ბიზნესმენებზე გადატეხეს ჯოხი, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ არის დაჭერილი. ვინ არის რეალურად ამ საქმის სათავეში? ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცეს ფინანსთა მინისტრმა. თუ მისი წინამორბედია დამნაშავე, ისიც უნდა თქვას. როგორ ავიდა დავალიანება 100 მილიონამდე? ეს არის კითხვა, რომელზეც დღემდე პასუხი არა აქვს არც "სუს-ისა და არც სხვა ორგანოს ანტიკორუფციულ სააგენტოს... ვფიქრობ, ივანე მაჭავარიანი პროკურატურამ უნდა დაჰკითხოს ან გამოჰკითხოს.
საზოგადოდ, მაღალჩინოსნების, მათ შორის ფინანსთა მინისტრის საქმეს სუს-ის ანტიკორუფციული უწყება იძიებს. შესაბამისად, გამოძიების ზედამხედველობა აღებული აქვს მთავარ პროკურატურას. აქედან გამომდინარე, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს მაღალჩინოსნების დაკითხვით ან გამოკითხვით, იქნება ეს ახლანდელი ფინანსთა მინისტრი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ფინანსური პოლიციის უფროსი, თუ მათი წინამორბედები...
კორუფცია იმ დონემდე ავიდა, რომ ეს ჩვენი სოციალური პრობლემების მთავარი წყარო გახდა. მხოლოდ ხელისუფლებასთან ინტეგრირებულ ვიწრო ჯგუფებს შეუძლიათ მიიღონ სარგებელი იმ საზოგადოებრივი სიკეთიდან, რაც ბიუჯეტში შედის.
ახლახან პარლამენტში კანონპროექტი შემოიტანეს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ვანო ჩხარტიშვილის წლიური შემოსავალი დაახლოებით 7-8 მილიონი ლარით გაიზრდება. ეს არის უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "თამბაქოს კონტროლის შესახებ". კანონპროექტი მთლიანად ჩხარტიშვილის ინტერესებზეა მორგებული, ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას.
სახელმწიფოს კონცეფცია გულისხმობს თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას, ხოლო ეს კანონპროექტი ზრდის თამბაქოზე ხელმისაწვდომობას. უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონში ცვლილებების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის, ანუ საჩიბუხე, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების რეალიზაცია 50 და 100-გრამიან საფუთავებთან ერთად, შესაძლებელი იქნება 15-გრამიან საფუთავებშიც. სხვათა შორის, ეს კანონპროექტი ევროდირექტივასაც ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, რეალიზაციისთვის მინიმალურ რაოდენობას 30-გრამიანი საფუთავი წარმოადგენს.
- რატომ ფიქრობთ, რომ კანონპროექტი მხოლოდ ჩხარტიშვილის ინტერესებზეა მორგებული?
- იმიტომ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში წყალს დაასხამს ვანო ჩხარტიშვილის წარმოებას, რომელიც თამბაქოს ერთადერთი საწარმოა საქართველოში.
ხათუნა ბახტურიძე
წყარო: „კვირის პალიტრა"