მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თვითიზოლაციის წესები დაიცვან

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება თვითიზოლაციაში საკარანტინო პერიოდის გატარების თაობაზე, კიდევ ერთხელ მკაცრად მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები.

როგორც საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ეს აუცილებელია, რათა არ შეუქმნან პოტენციური საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.