”მაგთიკომი” 6 აპრილიდან, “მარტივი 25”-ის პაკეტს აუქმებს და მის ნაცვლად გაძვირებული პაკეტი ”მარტივი 30” ამოქმედდება, ამის შესახებ კომპანიამ მომხმარებლებს შეტყობინებით უკვე აცნობა.
“სიახლე! 06.04.2020-დან პაკეტი “მარტივი 25”-ის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგთიკომი გთავაზობთ ახალ პაკეტს “მარტივი 30″ 3 000 მეგაბაიტი უსწრაფესი ინტერნეტით, ულიმიტო ზარებითა და ულიმიტო სმს-ებით, თვეში 30 ლარად”, – ნათქვამია კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის დაგზავნილ შეტყობინებაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ”მაგთიკომს” შარშანაც სურდა, თუმცა მაშინ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ჩაერია საკითხში და კომპანიას ტარიფების ზრდა ერთი წლით შეუჩერა. როგორც მაშინ კომისიაში აცხადებდნენ, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობდა, რაც კვლევამაც დაადასტურა.
“სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან”, – აცხადებდნენ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
მაშინ, ”მაგთიკომის” მიერ ტარიფების ზრდას გამოეხმაურნენ ეკონომიკის სამინისტროშიც და განაცხადეს, რომ ტარიფების გაძვირების საკითხს კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი, მათ შორის მობილურ ბაზარზე მოქმედი კომპანიების ხელშეწყობის მიზნით. პერმანენტულად მცირდებოდა და მიმდინარე წლის 1 იანვრიდან გაუქმდა მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი. საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან გადაიდგა რიგი ნაბიჯები, სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და საცალო ტარიფების კლების ხელშესაწყობად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ეთანხმება კომპანია "მაგთიკომის” მიერ მოტანილ არგუმენტებს კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის საცალო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ კომპანიის განცხადებაში მოყვანილი მიზეზები შესაძლებელია არ ასახავდეს მობილური ინტერნეტის ტარიფების გაძვირების რეალურ მიზეზებს”, – აცხადებდნენ ეკონომიკის სამინისტროში.
თუმცა, გავიდა ერთი წელი და ”მაგთიკომმაც” დაუყოვნებლივ განაცხადა ტარიფების ზრდის შესახებ. ამ შემთხვევაში კი, მარეგულირებელი კომისიას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია და როგორც ჩანს, ამჯერად კომპანიას ტარიფების გაძვირება შერჩება. არადა, ჩნდება ლოგიკური კითხვა – თუკი შარშან ბაზრის კვლევის შედეგად, არანაირი მიზეზი არ არსებობდა ტარიფების ზრდის, ამჯერად რატომ დატოვა უყურადღებოდ მარეგულირებელმა ეს საკითხი. როგორც ჩანს, ”მაგთიკომმა” კიდევ ერთხელ მოახერხა საკუთარი ინტერესების გატანა და მომხმარებლების ხარჯზე კიდევ უფრო მსუყე მოგებასაც მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ მობილურ ოპერატორებს 2019 წლის 1 იანვრიდან გაუუქმდათ მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი, შეუმცირდათ ურთიერთჩართვის ტარიფი, საბითუმო ინტერნეტის ტარიფი გაუნახევრდათ, რამაც კომპანიების ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა – ”მაგთიკომი” ტარიფებს კიდევ ერთხელ ზრდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში მობილური ოპერატორების შემოსავალი ყოველწლიურად მცირდება, რაც მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდანაც კარგად ჩანს, საქართველოში კი ყველაფერი პირიქით ხდება – ”მაგთიკომისა” და ”ჯეოსელის” შემოსავლები მუდმივად იზრდება და ამ ყველაფრის პარალელურად ტარიფებიც ძვირდება.
მსგავს ტენდენციას კი პირველ რიგში განაპირობებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა, რომელიც ფაქტობრივად კომპანიების ნება-სურვილის შემსრულებლად და მათი ”ბესპრედელის” გამმართლებლად იქცა. მარეგულირებელი ერთი მხრივ, არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს მუდმივად მზარდი ტარიფების შესამცირებლად, ხოლო მეორეს მხრივ ბაზარზე შექმნა ოლიგოპოლიური სიტუაცია, რითიც ხელი შეუწყო ”მაგთიკომისა” და ”სილქნეტის” თავაშვებულ ქმედებას. არადა, სწორედ ბაზარზე შექმნილმა კონკურენტულმა გარემომ განაპირობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტარიფების შემცირება. მას შემდეგ კი რაც ”მაგთიკომმა” ”კავკასუს ონლაინი” ხოლო ”სილქნეტმა” ”ჯეოსელი” შეიძინა და ამ ორმა კომპანიამ ხელთ იგდო მნიშვნელოვანი ძალაუფლება, ტარიფების ზრდა ჩვეულებრივ ამბად იქცა. არადა, მარეგულირებელ კომისიაში აცხადებდნენ რომ ამ გარიგებების შედეგად პირველ რიგში მომხმარებელი დარჩებოდა მოგებული, ვინაიდან უფრო მრავალმხრივ და იაფ ტარიფებს შესთავაზებდნენ კომპანიები, თუმცა რა შედეგი მივიღეთ ოლოგოპოლიური ბაზრის შედეგად, ეს უკვე თვალნათლივ ჩანს. არც ის არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში ”ჯეოსელმაც” (”სილქნეტი”) ამცნოს საკუთარ აბონენტებს ტარიფების ზრდის შესახებ.
”მაგთიკომის” მადა არ მცირდება – რეალობა რიცხვებში
სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის 2019 წლის წლიური ანგარიში და არც თავად ”მაგთიკომს” გამოუქვეყნებია აუდიტორული ანგარიშგება, თუმცა არსებობს 2018 წლის მონაცემებიც, სადაც კარგად ჩანს თუ როგორი მზარდი მოგება აქვს ”მაგთიკომს” და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ დაანონსებული ტარიფების ზრდა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის 2018 წლით დათარიღებული წლიური ანგარიშგების მიხედვით მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 481 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 7.3%-ით – 32.7 მლნ ლარით მეტია. საცალო შემოსავლების თვალსაზრისით, “მაგთიკომის” საბაზრო წილი 46.9%, “სილქნეტი/ჯეოსელის” – 36.7%, ხოლო “ბილაინის” წილმა 16.4% შეადგინა.
შესაბამისად გამოდის, რომ 2018 წელს "მაგთიკომმა” 225.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, “ჯეოსელმა”/”სილქნეტი” 176.5 მილიონი ლარი, ხოლო “ბილაინის” შემოსავალმა 79 მილიონი შეადგინა.
წლიურ ანგარიშში კარგად ჩანს, რომ 2011 წელს კომპანიების შემოსავლები მკვეთრად შემცირდა, ეს ყველაფერი კი “ბილაინის” პოზიციების გამყარებასთან და ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, მას შემდეგ რაც “მაგთიკომმა” “კავკასუს ონლაინის” საცალო ქსელი იყიდა, ხოლო “სილქნეტმა” “ჯეოსელი” შეიძინა და ბაზარზე ოლიგოპოლიური სიტუაცია შეიქმნა, კომპანიების შემოსავლებიც განუხრელად იზრდება.
რაც შეეხება თავად ”მაგთიკომის” მიერ გამოქვეყნებულ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას. კომპანიის შემოსავლებმა 2018 წელს 456 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9%–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, შემოსავლის 9%–იანი ზრდის მიუხედავად იქვე ირკვევა, რომ კომპანიის წმინდა მოგება ერთ წელიწადში გაზრდილია 51%–ით და მან 116 მილიონი ლარი შეადგინა. 20178 წელს კომპანიის წმინდა მოგება 77 მილიონი ლარი იყო. ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ როგორ მოახერხა მსგავსი შემოსავლის ფონზე “მაგთიკომმა” ასეთი მაღალი მოგების მიღება? თუკი, წინა წელს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს გავიხსენებთ, ამ კითხვის პასუხსაც მარტივად ვიპოვით – 2018 წელს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით კომპანიებს 13%–ით შეუმცირდათ ურთიერთჩართვის ტარიფის ხარჯები, ასევე 16%–ითაა შემცირებული ინტერნეტის ტრაფიკის ხარჯები.
უახლოეს პერიოდში მარეგულირებელი კომისია გამოაქვეყნებს 2019 წლის ანგარიშსაც და კიდევ უფრო ნათელი სურათი გვექნება, თუ რამდენად დიდი იყო ”მაგთიკომის” მოგება გასულ წელს, თუმცა ამ პერიოდისთვის, სავარაუდოდ, ტარიფები უკვე გაზრდილი იქნება და მარეგულირებელი კომისიაც კიდევ ერთხელ დახუჭავს თვალს ”მაგთიკომის” თავაშვებულ ქმედებაზე.
გიორგი კაპანაძე
წყარო: „ბანკები და ფინანსები"