თებერვლის თვეში FAO-ს ფასების ინდექსი კორონავირუსის გამო შემცირდა. კერძოდ, FAO-ს ცნობით, ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - თებერვალში 4 თვიანი უწყვეტი ციკლის შემდგომ პირველად, 1%-ით შემცირდა და 180 ქულა შეადგინა, რაც 8.1%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ფასების შემცირების მიზეზი კი კორონავირუსით გამოწეული მოლოდინები იყო, რომლის თანახმადაც, ეპიდემიას შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით შეემცირებინა მოთხოვნა სავაჭრო პროდუქტებზე.
„თებერვალში, მცენარეულ ზეთზე ფასების 10%-ით შემცირების მთავარ მიზეზად, ერთი მხრივ, კორონავირუსით გამოწვეული მოლოდინები სახელდება, ხოლო მეორეს მხრივ, ფასის შემცირებას ხელი შეუწყო ინდოეთის მხრიდან მცენარეულ ზეთზე მოთხოვნის კლებამ.
0.9%-ით შემცირდა FAO-ს მარცვლეულის ფასებიც. სხვა მარცვლეულ კულტურებთან შედარებით, თებერვალში ყველაზე დაბალი ფასი ხორბალზე დაფიქსირდა, რაც კულტურის უხვი საბაზრო მარაგებით იყო განპირობებული. მეცხოველეობის სექტორში შემცირებული მოთხოვნის გამო, იკლო სიმინდის ფასების ინდექსმა. ხორბლისა და სიმინდისგან განსხვავებით, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში გაზრდილი მოთხოვნის გამო, გაიზარდა ბრინჯის ფასების ინდექსი.
სამომხმარებლო კალათის სხვა პროდუქტებთან შედარებით, თებერვლის თვეში 2%-ით შემცირდა ხორცის ფასების ინდექსი, რაც, ძირითადად ჩინეთში შემცირებული იმპორტითა და ახალ ზელანდიაში პროდუქტის დიდი მარაგებით იყო განპირობებული.
4.6%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც ავსტრალიაში ნედლის რძის მარაგის სიმცირით იყო გამოწვეული. ნედლი რძისა და რძის პროდუქტებისგან განსხვავებით, შემცირებულია რძის ფხვნილის ფასები, რისი მიზეზიც, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში არსებული საწარმოო პრობლემებით იყო.
იანვრის თვესთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი, რაც ინდოეთსა და ტაილანდში წარმოების შემცირებამ და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.