გორში მცხოვრებ 16 პირს შიდაიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია აქვს მიცემული. მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, შიდაიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი ყველა პირი დაექვემდებარება საკარანტინო სივრცეში გადაყვანას.
„რისკჯუფში მყოფ პირებზე გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ინფორმაციას აწვდის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. რისკჯგუფში ითვლებიან ის პირები, რომლებიც ბოლო პერიოდში იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი ან რისკის შემცველი ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებთან კონტაქტი ჰქონდათ. გორში, ამჟამად, 16 ასეთი პირის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ყველა მათგანი იმყოფება შიდაიზოლაციის რეჟიმში. ორ პირთან დაკავშირებით საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ ქუჩაში. აღნიშნულ პირებთან კონტაქტის დამყარება მოხერხდა და ორივე მათგანს მიეცა მკაცრი რეკომენდაცია, რომ არ დაარღვიონ შიდაიზოლაციის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიდაიზოლაციის დამრღვევი ყველა პირი დაექვემდებარება საკარანტინო სივრცეში გადაყვანას.
ვხელმძღვანელობთ დადგენილი რეკომენდაციებით და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
მოვუწოდებ საზოგადოებას, თუ აქვთ ინფორმაცია, რომ პირი ბოლო პერიოდში იმყოფებოდა რისკის შემცველ ქვეყანაში, შესაძლოა, იგი არ იყოს ჩვენს ხელთ არსებულ სიაში და გვაცნობონ მათ შესახებ. ასევე, თუ აქვთ ინფორმაცია, რომ რისკჯუფში მყოფი პირი არ იცავს შიდაიზოლაციის რეკომენდაციას, აღნიშნულის თაობაზეც მოგვმართონ.
ამ დროისთვის, გორში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა.