ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრომ შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში“ განუცხადეს, იქედან გამომდინარე, რომ შექმნილი რეალობის წინაშე ქვეყანა პირველად აღმოჩნდა, საქართველოში ონლაინ სწავლების სტანდარტი არ არსებობს.
„დისტანციური სწავლების პროცესის სტანდარტი არ არსებობს. ამ რეალობის წინაშე პირველად ახლა დავდექით. ალბათ, სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლება და ხვალ ამ მიმართულებით შესაძლოა, რამე მოხდეს. სკოლის შემოწმების ან ავტორიზაციის დროს, დისტანციური სწავლების სტანდარტი ან კომპონენტი იყოს, ამ ეტაპზე არ არსებობს. თუ სტანდარტი არ არის, ე.ი. არც აკრძალული აქვთ სკოლებს მსგავსი სწავლების მოდელის გამოყენება. თუ სერიოზული საფრთხის წინაშე დავდექით, სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება შემუშავდეს. სავარაუდოდ, განათლების სამინისტრო და სახელმწიფო ერთიანი ხედვაზე იმუშავებს. მსგავსი ჩანაწერი კანონში ჯერჯერობით არ არის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში.
ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით განათლების უწყებას ოფიციალური განაცხადი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებენ, თუ ამის საჭიროება დადგება. კერძოდ, „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო სწავლის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიიღებს, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, განათლების უწყება მას დაემორჩილება.
ამასთან, განათლების უწყებაში განმარტავენ, არსებული გადაწყვეტილებით სკოლებში სწავლა 16 მარტს განახლდება.
რაც შეეხება ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას, უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი საჯარო სკოლებისთვის არ განიხილება.
„განათლების სამინისტრომ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით 9 მარტიდან 16 მარტამდე დაგეგმილი არდადეგები, 4 დღით უკვე გაახანგრძილვა. სკოლებმა არდადეგები დაგეგმილზე ადრე დაიწყეს. ეს არდადეგები ბუნებრივია, ანაზღაურდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, დამოკიდებული ვართ ჯანადაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე და თუ უწყების რეკომენდაცია იქნება, არდადეგები გახანგრძლივდება და განათლების სამინისტრო ამ რეკომენდაციას შეასრულებს. რა ფორმით მოხდება ეს, არდადეგები გახანგრძლივდება, დისტანციურად ასწავლიან თუ ა.შ. ამ გეგმას აუცილებლად გაგაგებინებთ. თუ გვეტყვის ჯანდაცვის სამინისტრო, რომ არდადეგები უნდა გავახანგრძლივოთ, ბუნებრივია, გავახანგრძლივებთ და მერე მოვიფიქრებთ, რა ვქნათ სწავლებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ვიცით, რომ სწავლა 16 მარტს დაიწყება“, - განაცხადეს განათლების უწყებაში.
ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პროცესი სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე არ განახლდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებშიც.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რასაც სასწავლებლების ნაწილი დათანხმდა.