„მოიგებს ის, ვინც ნავთოპროდუქტების იმპორტს ახორციელებს“ - რომელ ქვეყნებზე და რა გავლენას იქონიებს  ნავთობის ფასის შემცირება

„ნავთობის ფასის შემცირება ნეგატიურად აისახება ექსპორტიორ ქვეყნებზე, თუმცა მოიგებს ის, ვინც იმპორტს ახორციელებს, მათ შორის, საქართველოში“,- ამის შესახებ ეკონომისტმა ლაშა გოცირიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ნავთობროდუქტების გაიაფების ტენდენცია შენარჩუნდა, ყველაზე მეტ ზარალს რუსეთი და არაბული ქვეყნები მიიღებენ. თუმცა, გაიაფება რამდენად სწრაფად აისახება სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასზე იმპორტიორ ქვყნებში, კერძოდ, საქართველოში, ეს დამოკიდებულია, რამდენ ხანს შენარჩუნმდება მსოფლიოში ასეთი დაბალი ფასი და ამასთან, რა პერიოდში ამოიწურება ძვირად შეძენილი ნავთობის რეზერვები.

ცნობისთვის, ლონდონის ICE ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად ნავთობის ფასი 42,5%-ით დაეცა და ბარელზე 31,74 დოლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ფიქსირდება თბილისის დროით 7:31 წუთზე. რაც შეეხება ამერიკულ მსუბუქ ნავთობს, WTI-ის ფასი 48,9%-ით გაიაფდა და ბარელზე 27,72 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ნავთობზე ფასის კლება დაკავშირებულია OPEC -ის წევრი ქვეყნების მიერ ვენაში გამართული შეხვედრის შედეგებთან, სადაც მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება მოპოვების შემცირებაზე ნავთობზე ფასის კლების ფონზე, რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია კორონავირუსით.

OPEC-ის წინადადება იყო შემცირებულიყო ნავთობმოპოვება 1,5 მილიონი ბარელით დღეღამეში. თუმცა ამის წინააღმდეგი წავიდა რუსეთი.

ამასთან, ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs გამოაცხადა საკუთარი პროგნოზის შესახებ, რომლის მიხედვით ბარელზე ნავთობის ფასი შესაძლოა, 20 დოლარამდე ჩამოვიდეს, სანავთობო ბაზარზე არასტაბილურობის გამო.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად, დაეცა რუსული რუბლის კურსიც. დღეს ერთი დოლარის ღირებულებამ 75 რუბლს, ევრომ კი - 85 რუბლს მიაღწია. ამასთან, დაეცა კიდევ ერთი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის, საუდის არაბეთის უმსხვილესი კომპანიის Saudi Aramco-ს აქციების ფასი. ვაჭრობის დაწყებიდან რამენიმე წუთში კომპანიის ერთი ერთეული აქციის ღირებულება 10%-ით,27 რეალამდე შემცირდა.

ეკონომინისტი ლაშა გოცირიძე: „ბუნებრივი, დაზარალდებიან ის ქვეყნები, რომლებიც ნავთობპროდუქტების ექსპორტით არიან დაკავებული. რაც უფრო დიდია ნავთობის ექსპორტის წილი მათ მთელს შემოსავლებში, მით უფრო დიდი იქნება ზარალი. ასეთი ქვეყნებია: რუსეთი, საუდის არაბეთი, ასევე, სხვა არაბული ქვეყნები (ბაჰრეინი, ქუვეითი და აშ). გარკვეულწილად აშშ, ვენესუელა და ა.შ. ისინიც ექსპორტს ახორციელებენ, შესაბამისად, მათზეც ნეგატურად აისახება, თუმცა, ეს ზიანი შედარებით მცირე იქნება შეერთებული შტატების შემთხვევაში, რადგან მათი საექსპორტო ასორტიმენტი ძალიან მრავალფეროვანია და ნავთობპროდუქტები მათთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი არ არის.

რაც შეეხება რუსეთს, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ბიუჯეტის დიდი წილი სწორედ ნავთობის ექსპორტიდან მიღებული თანხით ივსება, ბუნებრივია, დიდ შემოსავლებს დაკარგავს. შედეგად, ბიუჯეტში გაუჩნდებათ ძალიან დიდი დეფიციტი. შემდეგ უკვე, როგორ შეავსებენ ამ დეფიციტს, რთული სათქმელია. სავარაუდოდ, რეზერვებიდან, რომელიც დაგროვილი ჰქონდათ“.

ლაშა გოცირიძის თქმით, ამ ვითარებაში მთავარია, ვინ მოიგებს და ნავთობის გაიაფება რამდენად სწრაფად აისახება იმპორტიორ ქვეყნებზე.

„მოიგებს ყველა ის ქვეყანა, მათ შორის, საქართველო და ჩვენი მეზობლები, ვინც ნავთობროდუქტების იმპორტს ახორციელებენ. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი, როგორც ექსპორტიორი ქვეყნა და ამ სიტუაციაში ვერ იქნება გამარჯვებული.

რაც შეეხება ფასებს, ნავთოპროდუქტებიდან იგივე, ბენზინი და დიზელის საწვავი რომ მივიღოთ, გარკველი დრო სჭირდება. ისე არ არის, რომ დღეს ნავთობი გაიაფდეს და ხვალ სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასზე უკვე აისახოს. ერთდღიანი პირდაპირი კავშირი ამაში არ არსებობს. ეს ფასებიც რაღაც დროის ინტერვალით შეიცვლება. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, ჩვენ არ ვიცით, ნავთობის ფასის შემცირება რამდენ ხანს გაგრძელდება. თუკი აღმოჩნდა, რომ შემცირება ერთი კვირა გაგრძელდა და შემდეგ ისევ აიწია, ჩვენთან ფასებზე შეიძლება გავლენა აღარც კი მოახდინოს. თუ ეს ფასი შენარჩუნდა, რა თქმა უნდა, შემდეგ აისახება. რაც შეეხება კონკრეტულ დროს, ამის თქმა გამიჭირდება, ვინაიდან აქ არამარტო წარმოების დრო არის გასათვალისწინებელი, არამედ ჩანაცვლებაც. თუ როდის მოხდება იაფი ბენზინის შემოტანა საქართველოში. იმიტომ, რომ ამჟამად ნავთობის მარაგები შეძენილია ძვირი ფასით და როდის ამოიყიდება ის, ზუსტად ამის პროგნოზირება რთულია. ალბათ, 1 თვე მაინც იქნება საჭირო თუ მეტი არა“,- ამბობს ლაშა გოცირიძე.

ნინი ქეთელაური
ცხრა თვეში საწვავის იმპორტი 4,3%-ით  შემცირდა
საქართველოში ბენზინის ყველაზე დიდი მომწოდებელი ქვეყანა რუსეთია, ხოლო დიზელის საწვავის - აზერბაიჯანი
ბენზინში ტყვიის შემცველობა ნორმებს შეესაბამება