ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, LCD Berlin Awards გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიალზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა.
მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო. ადმინისტრაციამ LCD Berlin Awards-ს კონკურსისთვის საჭირო შესაბამისი მასალა მიაწოდა.
„თბილისის კონკურენტები მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქები იყვნენ. LCD Awards-ის დაჯილდოების მე-6 ცერემონიალზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ჯილდო 18-მა ტურისტულმა მიმართულებამ მიიღო. LCD Awards მიზანია ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.
LCD Berlin Awards-ის 2020 წლის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, სადაც The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები შედიოდნენ. სპეციალური ჯილდო გერმანიაში საქართველოს საელჩოს გადაეცა“,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.