კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს, შესაბამისად, მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებული 15 პირის მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა 4 პირი არის შედარებით საყურადღებო. დამაკმაყოფილებელია ბოლო 2 პაციენტის მდგომარეობაც. მიმდინარეობს დამატებითი კლინიკური კვლევები და შესაბამისი მონიტორინგი.
„რაც შეეხება პროგნოზს, გლობალურად სიტუაცია ჩინეთს გარეთ უარესდება. თვითონ ჩინეთში მნიშვნელოვანი კლებაა ახალი შემთხვევების. დღეს ბევრად ნაკლებია, თუ არ ვცდები 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ რადიკალურად იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა ისე, როგორც სიკვდილიანობა ჩინეთში, მაგრამ ჩინეთს გარეთ დაახლოებით უკვე 24 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველაზე მაღალ დასენიანებული ქვეყნები არიან, სადაც უკვე 7000-ს გადასცდა შემთხვევათა რაოდენობა, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი. ასევე უკვე რამდენიმე ქვეყანაში გადაცდა შემთხვევათა რაოდენობა 1000-ს, კერძოდ გერმანიაში და საფრანგეთში. სხვა ევროპის ქვეყნებში არის ასეულებზე, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უკვე 500-ზე მეტი შემთხვევაა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩინეთს გარეთ სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ვერ ემორჩილება. ჩინეთმა სიტუაცია მოაქცია კონტროლს ქვეშ, შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, ჩინეთს გარეთ იმატებს.
რადგან ჩვენ, საქართველო, ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, რა თქმა უნდა პროგნოზი ჯერჯერობით იმისკენ, რომ შევჩერდეთ მხოლოდ 15-ზე, ამ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. შესაბამისად მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველა ადგილზე მზადყოფნა, მხედველობაში მაქვს საზღვრები, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულების მაქსიმალურად შემცირება. შემოსულების კარანტინი ან თვითიზოლაცია. ასევე საჭიროა იმ პირების თვითიზოლაცია ან კარანტინი, რომლებიც არა მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოდიან მაგრამ იციან, რომ შეიძლება ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა.