2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0.2%-ით გაიზარდა -  ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 267.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, 48.7 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 19.5 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 18.7 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ირლანდია 10.5 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) კი 2019 წელს 48.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 261.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 193.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი, 157.5 მლნ აშშ დოლარით.

“წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-4 კვარტალში 347.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-4 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.

2019 წლის მე-4 კვარტალში უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 36.1 პროცენტით, მეორე ადგილზეა თურქეთი - 22.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდი - 13.9 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის მე-4 კვარტალში 66.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 138.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.8 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 49.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 41.6 მლ აშშ დოლარით,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი