S&P 500-ის და Dow Jones-ის ინდექსების 8%-მდე დაცემის პარალელურად შემცირდა მილიარდერების ქონება. Forbes-ის ინფორმაციით, „შავ ორშაბათს“ მსოფლიოს 10-მა უმდიდრესმა ადამიანმა დაახლოებით 38 მლრდ დოლარის ქონება დაკარგა.
ყველაზე დიდი დანაკარგი მიიღო ბერნარ არნომ. მისი ქონება 6 მლრდ დოლარით, 6%-ით შემცირდა. დღეს მისი ქონება 92, 6 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა გასულ პარასკევს არნო 98,6 მლრდ დოლარის ქონებას ფლობდა.
ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 5,6 მლრდ დოლარის დანაკარგი მიიღო. ამაზონის აქციებზე ფასი 5%-ით შემცირდა. უორენ ბაფეტის დანაკარგმა 5,4 მლრდ დოლარი შეადგინა.
მექსიკელი სატელეკომუნიკაციო კომპანიის ხელმძღვანელმა კარლოს სლიმმა „შავ ორშაბათს“ მისი ქონების 8% დაკარგა, რაც 5 მლრდ დოლარს შეადგენს. ამანსიო ორტეგას დანაკარგმა 4 მლრდ დოლარი შეადგინა.
ორშაბათის ინდექსების დაცემა ნეგატიურად აისახა Facebook-სა და Alphabet-ის მფლობელების ქონებაზე, შესაბამისად, მარკ ცუკერბერგმა და ლარი პეიჯმა „შავ ორშაბათს“ 4,2 მლრდ დოლარი და 3,3 მლრდ დოლარი დაკარგეს.
ცნობისათვის, ორშაბათი დღეს როგორც აზიის, ასევე ამერიკის საფონდო ბირჟებზე ვარდნით დაიწყო. აქციებზე ფასის სწრაფად შემცირების გამო ამერიკის საფონდო ბირჟები გახსნიდან მალევე დაიხურა. ბაზრების ვარდნა კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოხდა, რასაც OPEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების ფაქტობრივად, ჩაშლა დაემატა.