მსოფლიოს უმსხვილესმა ხუთმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ჯამურად 321,6 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ამის მიზეზი გახდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ორშაბათს დაფიქსირებულ აქციებზე ფასების ვარდნა. აღნიშნულის შესახებ იუწყება ტელეკომპანია CNBC.
უფრო კონკრეტულად, კომპანია Apple-ის აქციები 22,86 დოლარით გაუფასურდა (-7,91%) და ცალ აქციაზე 266,17 დოლარი შეადგინა. Microsoft, Facebook და Alphabet-ის აქციები კი სათითაოდ 6%-ზე მეტად გაუფასურდა. Amazon-ის აქციებზე ფასმა 5,3%-ით დაიწია. ჯამურად კი ამ 5 უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ღირებულება 321,6 მილიარდი დოლარით შემცირდა.
შეგახსენებთ, ორშაბათს ამერიკულ ბირჟებზე აქციების ინდექსი მკვეთრად დაეცა. კერძოდ, ვაჭრობის დაწყებისთანავე, S&P 500-ის ინდექსი 7%-ით დაეცა, რამაც პროცესის შეჩერება 15 წუთის განმავლობაში გამოიწვია. ამ პერიოდში კი, Dow Jones-ის ინდექცი 7,2%-ით, NASDAQ Composite-ის კი 6,86%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბირჟებზე ვარდნა ზედიზედ მესამედ მოხდა.
ბაზრების ჩავარდნა კორონა ვირუსის გავრცელების ფონზე ხდება.