გორში კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის რეაბილიტაცია იწყება. გორის მერიის ცნობით, ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას 240 650 ლარი მოხმარდება.
სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი 4 მარტს გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავი და ფანჯრები, რეაბილიტირდება ფასადი, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო სისტემები, მუზეუმის ეზოში მოეწყობა ღია საგამოფენო პავილიონი, გარე განათება, დაიდგმება დასასვენებელი სკამები. პროექტი ითვალისწინებს ასევე შშმ პირების შესაძლებლობებს.
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც 48 100-ზე მეტი ექსპონატია დაცული, კირიონ II-ის ქუჩაზე მდებარეობს. მუზეუმი 1935 წელს გაიხსნა.