ბიძინა ივანიშვილის ქონება მცირდება

S&P 500-ის და Dow Jones-ის ინდექსების 8%-მდე დაცემის პარალელურად შემცირდა მილიარდერების ქონება. Forbes-ის ინფორმაციით, „შავ ორშაბათს“ მსოფლიოს 10-მა უმდიდრესმა ადამიანმა დაახლოებით 38 მლრდ დოლარის ქონება დაკარგა.

ყველაზე დიდი დანაკარგი მიიღო ბერნარ არნომ. მისი ქონება 6 მლრდ დოლარით, 6%-ით შემცირდა. დღეს მისი ქონება 92, 6 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა გასულ პარასკევს არნო 98,6 მლრდ დოლარის ქონებას ფლობდა.

ცნობისთვის, ორშაბათი დღეს როგორც აზიის, ასევე ამერიკის საფონდო ბირჟებზე ვარდნით დაიწყო. აქციებზე ფასის სწრაფად შემცირების გამო ამერიკის საფონდო ბირჟები გახსნიდან მალევე დაიხურა. ბაზრების ვარდნა კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოხდა, რასაც OPEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების ფაქტობრივად, ჩაშლა დაემატა.

მილიარდერების რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი ხვდება. მისი ქონება ბოლო 1 კვირის განმავლობაში 70 მლნ დოლარით შემცირდა. კერძოდ, 2 მარტის მონაცემებით, მისი ქონება 5.37 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, 9 მარტის მდგომარეობით კი - 5.30 მლრდ დოლარია. რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 336-ე ადგილზეა.

5.30 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.18 მილიონი უნცია ოქრო და 145 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0258%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 84%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.34%-ს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.

თაია არდოტელი