„2020 წელი ინვესტიციების მოზიდივის კუთხით მძიმე წელი იქნება“ - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომისტმა ლაშა გოცირიძემ. მისივე თქმით, მთავარი ფაქტორი, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა არ იზრდება, მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.
„ფაქტია, რომ 2019 წელს ინვესტიციების მოცულობა იგივე დონეზე დარჩა, რაც 2018-ში იყო. ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზი ჩვენ უნდა ვეძებოთ იმ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში, რასაც ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა ატარებს, კერძოდ ეს დამატებითი შეზღუდვები და რეგულაციები. ჯამში, ეს ყველაფერი იმ ბიზნესებს, რომლებსაც სურთ მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტიციის თაობაზე, აიძულებს, რომ თავისი ინვესტიციები მიმართონ სხვა მიმართულებით ან დაელოდონ კიდევ უფრო უკეთეს დროს.
ყველაზე ცუდი არის ის, რომ 2020 წელი იქნება ობიექტურად უფრო მძიმე წელიწადი ქვეყნისთვის, რადგან კორონავირუსის გამო ეკონომიკური აქტივობა შემცირებული იქნება. ამასთანავე, საარჩევნო წელიც კრიტიკული წელია ამ კუთხით და იმ შემთხვევაში თუ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში ისევ გაგრძელდა, მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება“, - განაცხადა ლაშა გოცირიძემ.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე