დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.
„ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი. გადაწყვეტილებაა მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების. ჩვენ რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაარღვიონ ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია, რადგან ეს დაკავშირებულია მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, მათ ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და საზოგადოების უსაფრთხოებასთან. ამ ტიპის ღონისძიებების გატარება ეპიდემიების დროს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინში 178 ადამიანია, ხოლო თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა 1108 პირს.