დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც გამყრელიძემ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკრინინგული კვლევები განხორციელდება დაავადებათა კონტროლის ქუთაისისა და ბათუმის სამმართველოებში და თუ დადებითი პასუხი იქნება, მისი კონფორმაცია ლუგარში განხორციელდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ლუგარის ლაბორატორიის დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით. ანუ ჩვენი კვლევები, რაც ეხება სკრინინგულ კვლევებს, განხორციელდება ასევე ჩვენს დეპარტამენტებში, რომელიც გვაქვს ქუთაისისა და ბათუმის სამმართველოებში, სადაც მოლეკულური კვლევების გამოცდილება აქვთ. მათ გაიარეს ტრენინგები ლუგარში და იქ განხორციელდება სკრინინგი. თუ აღმოჩნდა დადებითი, იმის კონფირმაცია, ისევ და ისევ განხორციელდება ლუგარში, ანუ ლუგარის მეთვალყურეობით იქნება ეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ინფექციური საავადმყოფოს დეცენტრალიზაციის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რათა სწრაფად იმოქმედონ. მისივე თქმით, აქაც იგივე პირობა იქნება - სკრინინგი ჩატარდება და კონფორმაცია ლუგარში მოხდება.