დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ერთი ლაბორატორიული კვლევის თვითღირებულება 400 ლარამდეა.
გამყრელიძე კერძო ლაბორატორიებს სთხოვს, რომ ახალ კორონავირუსზე ტესტირების შემთხვევაში, პროცედურა მოსახლეობისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს.
„საკმაოდ ძვირი გვიჯდება ამ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. ერთი კვლევის თვითღირებულება 350 ლარიდან 400 ლარამდეა. ვისაც ჩვენებით და ექიმის დანიშნულებით სჭირდება კვლევა, ეს ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ვისაც შესაძლებლობა აქვს გადაიხდის ამ თანხას. ლაბორატორიებს ვთხოვ, ბევრჯერ მოგიწოდეთ სოლიდარობის შესახებ, ვიყოთ სოლიდარული. გავიაროთ კონსულტაციები რა და როგორ უნდა გამოვიკვლიოთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში არ შევიყვანოთ.
ყველა კერძო ლაბორატორიას მოვუწოდებ, ვინც ტესტს აკეთებს ან მომავალში ფიქრობს რომ გააკეთოს, არავის არაფერს დავუშლით თუ ისინი სტანდარტებით აკეთებენ ამას, მაგრამ სტანდარტი უნდა იყოს დაცული“, - აცხადებს გამყრელიძე.
გამყრელიძის თქმით, საერთაშორისო სტანდარტით, უპირველეს ბიოლოგიურ ნიმუშად გამოსაკვლევად ცხვირ-ხახის ნაცხია აღებული.
„ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია, რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებ, კვლევას ატარებს სისხლიდან აღებული ნიმუშებით. რა თქმა უნდა, სისხლიდანაც შეიძლება ეს კვლევა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სისხლში ვირუსი სერიოზულად განვითარებული ინფექციის დროს ჩნდება“,-აღნიშნავს გამყრელიძე.